ტუხელი მბაპეზე: “ჩვენ ჩოგბურთს არ ვთამაშობთ”
1 თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “მონპელიე” მიიღო და მეტოქე 5:0 დაამარცხა. შეხვედრის 68-ე წუთზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კილიან მბაპე მაურო იკარდით შეცვალა. მბაპე მოედნიდან გასვლის შემდეგ უკმაყოფილო იყო, ეს ყველაფერი კი კამერებმაც დააფიქსირეს.
მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ტუხელს ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს. გერმანელმა სპეციალისტმა არ გამორიცხა, რომ მბაპე დასაჯონ.
“მე მწვრთნელი ვარ. ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ შევა მოედანზე და ვინ – გამოვა, ეს ადამიანი კი მე ვარ. მბაპე ძალიან ჭკვიანია და იცის, რასაც აკეთებს. მას მოედნიდან გასვლა არ მოსწონს, ეს სხვებსაც არ მოსწონთ. ცხადია, ეს კადრები კარგი არ არის, მაგრამ პსჟ ერთადერთი კლუბი არ არის, რომელსაც მსგავსი სიტუაცია ექმნება.
გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ ვწუხვარ, რადგან ეს საჭირო არ იყო. კილიანს ავუხსენი, რატომაც შევცვალე. ასეთ გადაწყვეტილებებს ყოველთვის მე მივიღებ. ჩვენ ჩოგბურთს არ ვთამაშობთ, ვთამაშობთ ფეხბურთს და ყველას პატივი უნდა ვცეთ. მბაპეს დაჯარიმება? არ ვიცი, უნდა ვიფიქრო. გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ”, – ციტირებს “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის სიტყვებს Goal.Com.