ტუხელი: “სწორედ ამიტომ გავიმარჯვეთ…”
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვების (2:0) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“როცა ბურთი ჩვენ არ გვქონდა, მეტოქეს ძალიან მჭიდროდ ვეთამაშებოდით და ვცდილობდით, სივრცეები დაგვეკეტა. ნახევარმცველები იმისათვის გამოვიყენეთ, რომ თამაშის რიტმი ჩვენ გვეკონტროლებინა. ვფიქრობ, პირველ ნახევარში ბურთს ადვილად ვთმობდით. ეს საშიშია, რადგან ამ დროს მეტოქეს შეუძლია კონტრშეტევაზე წამოვიდეს.
მეორე ტაიმში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, სწორედ ამიტომ გავიმარჯვეთ. თუმცა, ამ წყვილში მხოლოდ პირველი ნახევარი დასრულდა, ახლა მეორე ნახევრისათვის უნდა მოვემზადოთ.
ჩვენ ვიცით, რომ მოგება შეგვიძლია, მაგრამ პარიზში მოგება “მანჩესტერ იუნაიტედსაც” შეუძლია. ხვალიდან “სენტ-ეტიენთან” გასამართი მატჩისათვის ვიწყებთ მზადებას. ახლა ვერ მოვდუნდებით და პირდაპირ მეოთხედფინალზე ფიქრს ვერ დავიწყებთ. 2:0 კარგი ანგარიშია, მაგამ წინ მეორე შეხვედრაა”, – ციტირებს ტუხელის სიტყვებს Goal.Com.
“პარი სენ-ჟერმენსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის განმეორებითი შეხვედრა 6 მარტს ჩატარდება.