ტურინში “იუვენტუსის” გარეშე
დღეს, ტურინში ევროპა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება. გათამაშების მთავარ ფავორიტს, ადგილობრივ “იუვენტუსს” გადამწყვეტ მატჩამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. თასისთვის ფინალურ შეხვედრაში “სევილია” და “ბენფიკა” იბრძოლებენ.
ორივე გუნდმა ფინალამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა და რა თქმა უნდა “სევილიასაც” და “ბენფიკასაც” ამ გზის ტრიუმფით დასრულება სურთ.
ნებისმიერი ფინალური მატჩის წინ, რომელშიც “ბენფიკა” იღებს მონაწილეობას ყველას ცნობილი “ჯადოს” ისტორია ახსენდება. ჟორჟე ჟეზუშის გუნდი ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში გასულ სეზონშიც ასპარეზობდა, მაგრამ მაშინ თასი “ჩელსი” მოიპოვა. ასეთი ტიპის წარუმატებლობა “ბენფიკას” უკვე წლებია თან სდევს, რაც გარკვეულ მისტიკურ ელფერსაც კი სძენს შექმნილ ვითარებას.
გადამწყვეტი მატჩის წინ “სევილიაში” დიდი დანაკარგი არ არის. დისკვალიფიკაციის გამო ხაირო სამპარიო ვერ ითამაშებს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის გამეიროს თამაში. სამაგიეროდ გამოჯანმრთელდა ვიტოლო, რომელიც მოედანზე გასასვლეად მზად არის.
უნაი ემერისთვის 2-3 მოთამაშის არყოფნა დიდი პრობლემა არ არის. ესპანელი სპეციალისტი როტაციის დიდი მოყვარულია. მთელი სეზონის განმავლობაში სევილიური კლუბი შემადგენლობის და ტაქტიკური სექმების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.
საპირისპირო ვითარებაა პორტუგალიელთა ბანაკში. “იუვენტუსთან” მატჩში გაძევებულები მარკოვიჩი და პერესი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ფაქტია, რომ მათი სრულფასოვანი შემცვლელის პოვნა ჟორჟე ჟეზუშს გაუჭირდება.
ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. გადამწყვეტ მატჩს გერმანელი ფელიქს ბრიხი განსჯის.