ტურის ცენტრი დინამო არენაზე
შაბათ-კვირას ქართულ სტადიონებზე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება.
დინამო – ზესტაფონი
29 მარტი, დინამო არენა, 18:00
ტურის ცენტრალურ შეხვედრას “დინამო არენა” უმასპინძლებს. უმაღლესის ლიდერების შეხვედრა დიდი ინტერესს იწვევს. თუმცა, სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივარი ამ საინტერესო მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ვერ იხილავს. ასე რომ, გირჩევთ სტადიონზე მიხვიდეთ და იქიდან მიადევნოთ თვალყური ამ საინტერესო დაპირისპირებას.
ზესტაფონელები გამარჯვების შემთხვევაში ლიდერთან სხვაობას 5 ქულამდე შეამცირებენ და ჩემპიონატში იტრიგას დააბრუნებენ, რაც ზესტაფონელ ფანებთან ერთად ნეიტრალურ გულშემატკივარსაც უნდა აწყობდეს.
“დინამოს” და “ზესტაფონის” დაპირისპირებათა ისტორია 40 მატჩს ითვლის, საიდანაც 20 შეხვედრა თბილისელებმა მოიგეს, 11 ზესტაფონელებმა. ცხრა შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
მეტალურგი – ჩიხურა
29 მარტი, ფოლადი, 15:00
რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგი” “ჩიხურას” უმასპინძლებს. ექვსეულებად დაყოფის შემდეგ გამართული პირველი ტური ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში “მეტალურგიც” და “ჩიხურაც” გულშემატკივართა თვალებში რეაბილიტირებას ეცდება.
მატჩს სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც 5 ქულაა.
გურია – სიონი
30 მარტი, ევგრაფი შევარდნაძე, 15:00
ლანჩხუთელებმა ექვსეულში მოხვედრით სეზონის პროგრამა მინიმუმი შეასრულეს და დარჩენილ მატჩებს ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე ითამაშებენ. გასულ ტურში გურულები “დინამოსთან” დამარხდნენ. ბოლნისელებისთვის კი ტური წარმატებული აღმოჩნდა. ბურდულის გუნდმა ივანწმინდაში “ჩიხურას” სძლია და სამეულს მიუახლოვდა.
მერანი – სპარტაკი
30 მარტი, მცხეთა პარკი, 15:00
გასულ ტურში გორში მოპოვებულ გამარჯვების შემდეგ “მერანი” მცხეთა პარკზე უშუალო კონკურენტ, ცხინვალის “სპარტაკს” შეხვდება.
მეორე ეტაპი კაჭარავას შეგირდებმაც კარგად დაიწყეს და მიხეილ მესხზე ქუთაისის “ტორპედოს” დამარცხება მოახერხეს.
ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი გუნდების მატჩი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ქვედა ექვსეულში.
ზუგდიდი – ტორპედო
30 მარტი, ანაკლია, 15:00
ანაკლიაში ზუგდიდელები “ტორპედოს” მიიღებენ. დარასელიას გუნდმა გასულ ტურში “ვიტ ჯორჯიას” დამარცხება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლი 35 წლის წიტაიშვილმა გაიტანა, რომელიც ფეხბურთში სწორედ “ზუგდიდმა” დააბრუნა.
საშინაო ასპარეზის გარეშე დარჩენილი ქუთათურებისთვის კი, მორიგი მარცხი უკვე საგანგაშო იქნება. ასე რომ, ანაკლიაში საკმაოდ პრინციპულ დაპირისპირებას უნდა ველოდოთ.
დილა – ვიტ ჯორჯია
30 მარტი, გორი, 15:00
გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ზედა ექვსეულის ფავორიტები “დილა” და “ვიტ ჯორჯია” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. საინტერესოა, რომ გასულ ტურში ორივე გუნდი აუტსაიდერებთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა.
“დილას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება გია გიგატაძეს. “ტორპედოში” ნამუშევარ სპეციალისტს მიზნად საქართველოს თასის მოგება დაუსახეს.