ტურის ცენტრი გორშია

დღეს საქართველოს ჩემპიონატის მე–6 ტური დაიწყება. 16 საათზე ორი მატჩია _ მიხეილ მესხზე და ბენდელაზე. ტურის ცენტრლური მატჩი კი ხვალ გაიმართება. მივყვეთ დღეიდან…
25 სექტემბერი
ლოკომოტივი-შუქურა
თბილისი. მიხეილ მესხი
შუქურა მიმდინარე წელს სტუმრად ცუდად თამაშობს და სამივე მატჩი წააგო. ზღვისპირელები ახალგაზრდულ ლოკომოტივთან შეეცდებიან პირველი საგარეო ქულების აღებას.
თავის მხრივ, რკინიგზელებს ელიტაში დასარჩენად უწევთ თამაში და მათთვის ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.
საბურთალო-სიონი
თბილისი. ბენდელა
კალენდარში ერთი მატჩი იყო გაწერილი, მაგრამ საბურთალოსა და სიონის შეთანხმებით ხვალ გასამართი შეხვედრა დღეისთვის გამოწიეს.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემებერს საბურთალოს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ელის მატჩი დანიაში, მიდტიულანდთან.
აქედან გამომდინარე, საინტერესო იქნება რაზე გააკეთებს აქცენტს საბურთალო, რომელმაც, შესაძლოა, გუნდის წამყვანი ახალგაზრდები დაასვენოს. სიონი წელს ყოჩაღად გამოიყურება და ამბიციებიც გაუჩნდა. საინტერესო მატჩი უნდა გამოდგეს.
26 სექტემბერი
კოლხეთი-საპოვნელა
ფოთი. ფაზისი
ორივე გუნდმა პირველი ქულები წინა ტურში მოიპოვა. ერთია, საპოვნელას მოგებათა გრაფაში ნული უწერია და პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან. თუმცა, ფოთში რთული ბრძოლა ელით, რადგან კოლხეთი ჩემპიონატის ერთ–ერთ აუტსაიდერთან მოგებას გეგმავს.
მერანი-გურია
მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
ცხრილის ფსკერზე მისვენებული მერანი პირველი ქულების მოლოდინშია. მარტვილელები წელს ცუდად გამოიყურებიან და ელიტიდან დაქვეითების კანდიდატები არიან. გურულებს დიდი ამბიცია არ აქვთ, მაგრამ საჭირო ქულების აკრეფას სწორედ იმ გუნდებთან გეგმავენ, ვინც ამის საშუალებას იძლევა.
ზუგდიდი-სამტრედია
ზუგდიდი. ბაიას ბაზა
ვერც ზუგდიდელები ჩაუქობენ წელს, სამტრედია კი ამბიციურად შეხვდა სეზონს. ორივე გუნდს ქულები სჭირდება, აქედან გამომდინარე ზუგდიდში საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი.
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ქობულეთი. ჩელე არენა
ზღვისპირელებმა წელს ბევრი დაუგეგმავი ქულა დაკარგეს და დანაკლისის ანაზღაურებას ზემოიმერლებთან ეცდებიან.
ტორპედო-ცხინვალი
ქუთაისი. რამაზ შენგელია
ორივე გუნდს იმაზე მეტი ამბიცია აქვს, რაც ცხრილში სჩანს. თუმცა მხოლოდ ამბიცია მატჩებს ვერ იგებს.
დილა-დინამო (თბ)
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
ტურის ცენტრალური მატჩი. დასაწყისიდანვე ჩანს, რომ ჩემპიონობისთვის ეს ორი გუნდი იბრძოლებს. დინამო აქამდე ქულადაუკარგავი მოვიდა და თუ ეს სვლა გორშიც გააგრძელა, ნაადრევად გადაწყვეტს საქმეს.
აქამდე ეს გუნდები ეროვნული ჩემპიონატში ერთმანეთს 53- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც დინამოელების არის – 143:26.
სატურნირო ცხრილი:
1.დინამო (თბ) 5 5 0 0 19-3 15
2.დილა 5 4 1 0 9-1 13
3.სამტრედია 5 4 0 1 14-7 12
4.სიონი 5 3 2 0 5-1 11
5.საბურთალო 5 3 1 1 6-7 10
6.ჩიხურა 5 3 0 2 8-3 9
7.ცხინვალი 5 3 0 2 12-10 9
8.ტორპედო 5 2 2 1 7-4 8
9.დინამო (ბთ) 5 2 2 1 11-5 8
10.შუქურა 5 2 0 3 6-6 6
11.გურია 5 1 2 2 5-6 5
12.ლოკომოტივი 5 1 0 4 6-9 3
13.კოლხეთი 5 1 0 4 1-6 3
14.საპოვნელა 5 0 1 4 2-14 1
15.ზუგდიდი 5 0 1 4 4-18 1
16.მერანი 5 0 0 5 3-18 0