ტურნირამდე რამოდენიმე დღით ადრე ბორჯღალოსნებმა ღია ვარჯიში გამართეს
სამი დღე რჩება IRB თბილისის თასის წლევანდელი გათამაშების სტარტამდე. შეგახსენებთ, რომ ტურნირი ავჭალის სარაგბო სტადიონზე 14, 18 და 22 ივნისს გაიმართება. ყოველ სამატჩო დღეს ორი შეხვედრა გაიმართება, რომლებიც 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება.
ტურნირის ბილეთების გაყიდვა, რომლის ფასიც 5 ლარს შეადგენს, 9 ივნისს დაიწყო და მათი შეძენა ყოველდღიურად რაგბის კავშირში არის შესაძლებელი. სამატჩო დღეებში ბილეთები ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროებშჳ გაიყიდება.
პირველი ღია ვარჯიში
დღეს ბორჯღალოსნებმა ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს შევარდენზე. ვარჯიში 10 საათზე დაიწყო. გაჭიმვებისა და მოთელვების შემდეგ, გუნდი ორ ნაწილად გაიყო. უკანახაზელები მოედნის ერთ ნახევარზე მაიქლ ბრედლის ხელმძღვანელობით ემზადებოდა, ხოლო მორკინალებს დიდიე ბესი ავარჯიშებდა. ნახევარი საათის შემდეგ გუნდი გაერთიანდა, ორად გაიყო და მორიგეობით იმეორებდა დერეფნისა და შერკინების შემდეგ განსახორციელებელ კომბინაციებს. სულ ბოლოს კი, ორად გაყოფილმა გუნდებმა კომბინაციები წინააღმდეგებობის ფონზე დახვეწეს.
ვარჯიშის ფოტოები >>>
მოწინააღმდეგე გუნდებიდან მზარდი იტალია და არგენტინელი იაგუარები უკვე თბილისში არიან, ხოლო ესპანეთის ეროვნული გუნდი ხვალ გამთენიისას ჩამოდის. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე პრემიალური ქულათა დარიცხვის სისტემა მოქმედებს, ანუ მოგებული 4 ქულას იღებს, ფრე 2-ად ფასობს, 7 და ნაკლები ქულით მარცხი და ოთხი და მეტი ლელოს გატანა კი, 1 პრემიალური ქულაა.
კომენტარები
შალვა მამუკაშვილი: “მომავალი შეხვედრებისთვის კვირიდან ინტენსიურად ვემზადებით. მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ამ ტურნირზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდებს ექნებათ. პირველი მატჩი ესპანეთთან გვაქვს, რომელსაც ერთა თასზე ყოველ წელს ვეთამაშებით და ის ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი. ეს თამაში სარეიტინგოა და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. მთლიანობაში, მოწინააღმდეგეებს თუ გადავხედავთ, ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი გუნდი არგენტინას ეყოლება”.
დავით კაჭარავა: “თბილისის თასს საქართველოში რაგბის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბევრ ახალგაზრდას მიეცემა თამაშის შესაძლებლობა და ამით ეროვნული გუნდის კანდიდატთა რიცხვი გაიზრდება. ვეცდებით, რომ ტაქტიკური სვლები კიდევ უფრო დავხვეწოთ და ისინი უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში სათანადოდ გამოვიყენოთ. ამ ტურნირზე მნიშვნელოვანია, რომ თამაში დავალაგოთ. მართალია ტურნირის მოგებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ ჩვენი გუნდი ყველა შეხვედრაში გამარჯვებაზეა ორიენტირებული და ვეცდებით, რომ ივნისში სამივე შეხვედრა მოვიგოთ. მოწინააღმდეგეებს თუ შევხედავთ, ვფიქრობ მაყურებელი გაშლილ, სანახაობრივ თამაშებს იხილავს”.