U17 – ელიტრაუნდი უკვე არის. წინ შესარჩევის დასკვნითი ტურია
შაბათს გამართული, უეფას 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩების შემდეგ, ჰოლანდიისა და საქართველოს ნაკრებებმა ელიტრაუნდის საგზურები უკვე გაინაღდეს.
გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე, ჰოლანდიელებმა საოცარი შედეგით დაასრულეს სან მარინოსთან შეხვედრა. მაარტენ სტეკელენბურგის ფეხბურთელებმა მეტოქის კარში 12 (!) უპასუხო ბურთი გაიტანეს. შესაბამისად, საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო მეგოლეების სიაში, სწორედ, ჰოლანდიელები ლიდერობენ:
ეზრა ვალიანი – 5 გოლი
დენი ვან დერ მუტი – 3 გოლი
2-2 გოლი აქვთ გატანილი მარლონ სლაბეკუმს, ოლუვასეგუნ ობოვალესა და აბდელჰაკ ნურის.
საქართველოს ნაკრებმა კი, მიუხედავად დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობისა, მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზეღა შეძლეს ფარერების კუნძულების ნაკრების კარში მეორე გოლის გატანა და დასკვნითი მატჩების წინ, ჰოლანდიას ბურთების შეფარდებით ჩამორჩებიან.
ხვალინდელ, 22 ოქტომბრის მატჩებში კი, მხოლოდ ისღა გაირკვევა, ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს და მოიპოვებენ თუ არა პირველ ქულებს სან მარინო და ფარერები.
22 ოქტომბერი
15:30 – ჰოლანდია vs საქართველო (სტადიონი „მიხეილ მესხი“)
15:30 – ფარერები vs სან მარინო (სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“, გორი)
ელიტრაუნდის წილისყრა კი, ნოემბრის ბოლოს, შვეიცარიაში გაიმართება. თუმცა, ამაზე დაწვრილებით შესარჩევის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ.
სფფ-ის პრესსამსახური