U17 – მინსკის ტურნირზე წამსვლელთა ვინაობა ცნობილია
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ნოდარ აკობიამ იმ 18 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, ვინც 19 იანვრიდან მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.
მეკარეები: ოთო გოშაძე („საბურთალო“), გოგი კულუა („დინამო“ თბილისი)
მცველები: ვახტანგ კაპანაძე, ვასილ კაციტაძე (ორივე „დინამო“ თბილისი), ნიკოლოზ კევლიშვილი, ირაკლი კამლაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ცოტნე ნადარაია („საბურთალო“), გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა)
ნახევარმცველები: ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე (ორივე „შუქურა“, ქობულეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გურამ გოშთელიანი, სანდრო ალთუნაშვილი (ყველა „საბურთალო“), ნიკა ლაშხია („ზესტაფონი“), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), გიორგი ჯობავა („ოსერი“, საფრანგეთი), ერეკლე ლებანიძე („ვიტ ჯორჯია“)
მინსკის საერთაშორისო ტურნირი – „Development Cup“ – ი ტრადიციულად, ყოველი წლის დასაწყისში, იანვარში ტარდება და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები მისი მუდმივი მონაწილეები არიან.
წელს, „Development Cup“ – ის მე-10, საიუბილეო გათამაშებაა და მონაწილეთა რაოდენობაც გაზრდილია. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 12 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა:
A ჯგუფი – უკრაინა, ყირგიზეთი, ლიტვა
B ჯგუფი – საქართველო, ირანი, ყაზახეთი
C ჯგუფი – რუსეთი, ლატვია, თურქმენეთი
D ჯგუფი – ფინეთი, ბელორუსი, მოლდოვა
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქეები – ირანისა და ყაზახეთის ნაკრებები ერთი წლით უმცროსი ფეხბურთელებით (1998 წელს დაბადებულები) იქნება დაკომპლექტებული.
ტურნირი 19 იანვარს დაიწყება და ამ დღესვე გაიმართება გახსნის საზეიმო ცერემონიალი. ნოდარ აკობიას გუნდი პირველ მატჩს 20 იანვარს, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს.
21 იანვარს კი, ირანელებს ვეთამაშებით. 22 იანვრიდან, ჯგუფების გამარჯვებულები და დამარცხებულები ერთმანეთში ითამაშებენ. ფინალური მატჩები 26 იანვარს გაიმართება.
ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციისგან, საიუბილეო ტურნირზე დასწრების ოფიციალური მოწვევა მიიღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა. ზვიად სიჭინავა და რევაზ არველაძე მინსკში გაემგზავრებიან და ტურნირის გახსნასა და საქართველოს 17-წლამდე ნაკრების პირველ თამაშს დაესწრებიან.
სფფ-ის პრესსამსახური