U17: ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ
ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის მესამე ჯგუფის ბოლო დღის მატჩები დღეს გაიმართა. “მიხეილ მესხზე” უკრაინელი და ქართველი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. როგორც მოგეხსენებოდათ, ჩვენი შანსი ჩვენს ხელთ იყო, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად უკრაინელები უნდა დაგვემარცხებინა და დავამარცხეთ კიდეც! მატჩის სწრაფმა და ერთადერთმა გოლმა ქართველ ახალგაზრდებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოუტანა. შეხვედრის ის ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე გავიდა. მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა ვანო წილოსანმა ორი უკრაინელი ტექნიკურად ჩამოიშორა, საჯარიმოში ბრწყინვალედ შეიჭრა და ბურთი კარის წინ მდგარ, უყურადღებოდ დარჩენილ ალეკო მზევაშვილს გადააწოდა, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.
გაშვებული გოლის შემდეგ მცირე უპირატესობა უკრაინელებმა მოიპოვეს, თუმც ჩვენი გუნდის სწრაფი კონტრშეტევები გაცილებით მწვავედ ხასიათდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა დღეს გაცილებით უკეთ ითამაშეს, ვიდრე წინა ორ შეხვედრაში. მინიმუმამდე იყო დაყვანილი შეცდომები, გუნდი უფრო რაციონალურად თამაშობდა, რაშიც დიდია მთავარი მწვრთნელის, ვასილ მაისურაძის დამსახურება.
რაც შეეხება მატჩის მეორე ტაიმს, გუნდები გარდამავალი უპირატესობით თამაშობდნენ. ორივე ნაკრებს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა მატჩი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო: მაისურაძის გუნდმა დასახული ამოცანა შეასრულა, ჩვენ მოვიგეთ, “სიკვდილის ჯგუფში” პირველ ადგილზე დავრჩით და მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩვენი გუნდის თავდამსხმელი დათო ჯიქია, რომელმაც გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა ყველა ეპიზოდში მაქსიმუმი გაიღო, ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა, დახარჯა მთელი ენერგია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მატჩის შემდეგ, როცა კომენტარი ვთხოვეთ, მას უბრალოდ მეტყველების უნარი წართმეული ჰქონდა. მადლობის ღირსია გუნდის თითოეული ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და პერსონალი. მათ ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის ადგილი დამსახურებულად მოიპოვეს, რითაც საქართველოს უდიდესი სიხარული მიანიჭეს.
ვასილ მაისურაძე: “ეს წარმატება უდიდესი შრომის შედეგად მოვიპოვეთ. ბევრი ვერც კი იფიქრებდა, რომ ამ ჯგუფიდან გავიდოდით, თუმცა ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. სლოვენიაში კი ვეცდებით, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩავწეროთ”.
ნიკა ჭანტურია (გუნდის კაპიტანი): “მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა და დღეს ჩვენ გაგვიმართლა. სწრაფი გოლის გატანა მოვახერხეთ, რითაც უპირატესობა განვიმტკიცეთ”.
ალეკო მზევაშვილი: “ამ გოლის ავტორი მარტო მე არ ვარ, დღეს ყველამ ყველაფერი დავდეთ ისევე, როგორც წინა თამაშებში და ამიტომაც მოვიპოვეთ შემდეგი ეტაპის საგზური. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ფეხბურთი გავაცოცხლეთ და ხალხი სტადიონს დავაბრუნეთ”.
ალექსანდრე ადამია: “ამ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო ქართული ფეხბურთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. მადლობას ყველას!”
ცნობისთვის, 17-წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში 4-დან 16 მაისამდე გაიმართება.
უკრაინა-საქართველო 0:1
უკრაინა: სარნავსკი, კაჩარაბა, ბურდა, ხარატინი, ტანკოვსკი (გაბელოკი 52′), ტიშენკო (რადჩენკო 54′), ვეტროვი (მირანიანი 61′), სობოლი, პოლეენკო, ბილონოგი, ლაზაროვიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ოლექსანდრ პეტრაკოვი.
საქართველო: ადამია, კაკაბაძე, ჭანტურია, სამხარაძე, პაპუნაშვილი, წილოსანი (მესხი 61′), ახვლედიანი (დარციმელია 41′), ცინცაძე (აბურჯანია 70′), ჯიქია, მზევაშვილი, გურეშიძე.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
გოლი: მზევაშვილი 6′.
გაფრთხილებები: ბურდა 8′, ხარატინი 47′ – ჭანტურია 14′, დარციმელია 57′, სამხარაძე 73′.
მთავარი მსაჯი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია).
“ბორის პაიჭაძის” სტადიონზე კი ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრები ესპანელებმა ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. პირენეელებმა ოთხივე გოლი მატჩის მეორე ტაიმში გაიტანეს: ანგარიში 45-ე წუთზე ივან კალერომ გახსნა. ორ წუთში ესპანელთა უპირატესობა ალეხანდრო გრიმალდომ გაზარდა. 57-ე წუთზე სერხი სამპერმა შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი გოლად აქცია. უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხოსე გაიამ ინგლისელთა განადგურებას წერტილი დაუსვა – 0:4.
ესპანეთი-ინგლისი 4:0
ესპანეთი: ბლანკო, ბელერინი, საესი, რუისი, გრიმალდო (გაია 76′), ხაიმე სანჩესი, ხოაკინი, სამპერი (კოტანი 80+1′), ბორხა, ბუსტოსი (კასტილიეხო 68′), კალერო.
მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო დენია.
ინგლისი: უილისი, გორდონი, ლეო ჩამბერსი, ჰეიდენი, შოუ, კალუმ ჩამბერსი (გრემი 51′), სვიფტი (უოლასი 52′), ვუდლენდი, რობინსონი (ბენეტი 64′), ჰიუზი, აკპომი.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ პიკოკი.
გოლები: კალერო 44′, გრიმალდო 47′, სამპერი 57′, გაია 80+3′.
გაფრთხილებები: რუისი 63′, კასტილიეხო 71′, – ლეო ჩამბერსი 53′, შოუ 80′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლაი იორდანოვი (ბულგარეთი).
ჯგუფის საბოლოო ცხრილი:
1. საქართველო 3 2 1 0 3:1 7
2. ესპანეთი 3 1 2 0 7:3 5
3. ინგლისი 3 1 0 2 1:5 3
4. უკრაინა 3 0 1 2 2:4 1