U18-მა ელიტ-დივიზიონის პირველი შეხვედრა ირლანდიასთან დათმო
დღეს, 11 აპრილს სტარტი აიღო FIRA AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის გათამაშებამ 18 წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის.
საქართველოს 18 წლამდელებს პირველი შეხვედრა ირლანდიელ თანატოლებთან ჰქონდათ, რომელიც ოპალენიცას სტადიონზე, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართა.
მოგებული პირველი ტაიმი
მატჩის დაწყებიდან 9 წუთი იყო გასული, როდესაც ირლანდიელებმა რამოდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ ჩვენს ლელოში ბურთის დამიწევა შეძლეს. ლელოს გარდასახვა ვერ შეძლეს და ანგარიში 0-5 დაფიქსირდა. ჩვენ 18 წლამდელებს ყურები არ ჩამოუყრიათ, ირლანდიელებს შეტევებით უპასუხეს და ანგარიშის გახსნიდან 10 წუთის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეორე ხაზელმა, ბესიკ გოგოლაძემ მეტოქეს საპასუხო ლელო დაუდო. ფრთის მოთამაშე, დავით ლობჟანიძეს გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია. საქართველოს ნაკრები 7-5 დაწინაურდა. მოგვიანებით ლობჟანიძემ ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 10 ქულამდე გაზარდა.
პირველი ტაიმის დრო ამოწურული იყო, როდესაც 18 წლამდე ბორჯღალოსნებმა მოწინააღმდეგის კარისკენ არეკნი დაარტყეს, რომელიც მიზანს ასცდა. გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 10-5 გავიდნენ.
მეორე ტაიმში ირლანდიელებს ვეღარ ვაჯობეთ
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველი 18 წლამდელები უფრე თავდაჯერებულად ათამაშდნენ შეტევაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეტევაში სჯობდნენ მოწინააღმდეგეს და თავსაც ცუდად არ იცავდნენ, ირლანდიელები პრაგმატულად მიუდგნენ საქმეს და ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების ხარჯზე სამი ლელოთი გვიპასუხეს და საბოლოოდ შეხევდრა ირლანდიელების სასარგებლოდ, ანგარიშით 10-20 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშში სხვაობა შეიძლებოდა უფრო დიდიც ყოფილიყო ირლანდიის ნაკრების მხრიდან ჯერ მგეზავს, ხოლო მოგვიანებით 15 ნომერს ზუსტად, რომ შეესრულებინათ გარდასახვები და ჯარიმები.
შემდეგ ტურში იტალიასთან
15 აპრილს გათამაშების მეორე ტური გაიმართება. ჩვენს წყვილში გამარჯვებული ირლანდიის U18 ნაკრები საფრანგეთს შეხვდება, რომელმაც დღეს იტალიელ თანატოლებს 29-7 სძლია. უმცროსი ბორჯღალოსნები შესაბამისად იტალიელ 18 წლამდელებს ეთამაშებიან.
ელიტ დივიზიონის პირველი ტურის დანარჩენ მატჩებში, ინგლისელებმა 62-5 სძლიეს პორტუგალიელებს, ხოლო შოტლანდიელმა 18 წლამდელებმა 2 ქულის სხვაობით, 21-23 დათმეს შეხვედრა უელსელებთან.
კომენტარი
დავით ჩავლეიშვილი, საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„ბრწყინვალე პირველი ტაიმის შემდეგ, მოედანზე მიღებული არასწორი გადაწყვეტილებებისა და ტაქტიკური შეცდომების გამო, მივიღეთ ის დასანანი ლელოები. მეორე ტაიმში ვეღარ დალაგდნენ ბიჭები და შესაბამისად ჯარიმებმაც იმატა. მატჩის ბოლოს ფაქტიურად ჩვენი ნახევრიდან ვეღარ გამოვედით. მიუხედავად ამისა, გუნდი მაინც ცდილობდა შეტევას. ირლანდია უფრო თავდაჯერებული გუნდი იყო და საქმესაც ცივსისხლიანად მიუდგნენ. უფრო მაღალი კლასის გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა. ემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. ანგარიშის მიუხედავად, ისინი ბოლომდე იბრძოდნენ.
„ბიჭები თავს მხნედ კი გრძნობენ, მაგრამ გულგატეხილები არიან, ვინაიდან ნახეს, რომ ამ თამაშის მოგება შეეძლოთ. ხვალ გუნდს დავასვენებთ და ვიდეო ანალიზს გავივლით. დაშვებულ შეცდომებს გავაანალიზებთ და შესაბამისად მოვემზადებით იტალიისთვის.
„მატჩის მსვლელობისას ხმამაღლა და აქტიურად გვქომაგობდნენ სტადიონზე შეკრებილი ქართველი გულშემატკივრები, რომლებსაც ქომაგობა არც ერთი წამით არ შეუწყვეტიათ. ისინი მატჩის დასრულების შემდეგაც ამხნევებდნენ ბიჭებს, რისთვისაც მინდა მათ უდიდესი დიდი მადლობა გადავუხადო.“
Rugby.GE