U19 – ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე, წინ გადამწყვეტი მატჩია
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტრაუნდის მეორე შეხვედრაში კვიპროსელ თანატოლებთან გაილაღა. ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა მეტოქეს ხუთი ბურთი გაუტანეს და კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გატანა. ამ მოგების შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა ისრაელს ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა და ჯგუფის პირველ ადგილზეა. ისრაელმა კი, თავის მხრივ, მასპინძელ შვეიცარიას მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო და 6-6 ქულა გვაქვს.
ლოზანაში მთელი დღის განმავლობაში წვიმდა, თუმცა, მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე წვიმა შეწყდა და ფეხბურთელებს საკმაოდ ნორმალურ პირობებში, კარგ მოედანზე მოუწიათ თამაში.
საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო. ჩვენი ფეხბურთელები ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ მეტოქეს. ვასილ მაისურაძის გუნდი საჭიროებისამებრ უმატებდა და აგდებდა ტემპს; იყო მრავალფეროვანი შეტევები და საკმაოდ კარგი გოლებიც გავიდა.
ანგარიში მე-14 წუთზე მათე ცინცაძემ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა. ალბათ, გულშემატკივარს ეხსომება საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის კარში მათეს გატანილი ჯარიმა და ეს გოლიც ძალიან ჰგავდა წინანდელს.
ხუთ წუთში კი, ანგარიში უკვე ორამდე გაიზარდა. ლუკა ზარანდიამ კარგად უპასა ლუკა კიკაბიძეს და ნაკრების ნახევარმცველსაც გატანა არ გასჭირვებია. ამის შემდეგ, უკვე თავად ლუკა ზარანდიას ჯერი დადგა. ლუკამ ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად გაისროლა. მეკარეს მცველი ეფარებოდა და დარტყმის მომენტს ვერ ხედავდა. ზარანდიას დარტყმულმა მეკარესაც და მცველსაც თავზე „გადაუფრინა“ – 3:0.
ტაიმის ბოლო დამატებულ წუთზე კი, ლუკა ზარანდიას შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, როცა ახალგაზრდა შემტევმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, არეულობაში კვიპროსელმა ლოიციდესმა საკუთარ კარში ჩაჭრა და მსაჯის სასტვენიც გაისმა – შესვენებაზე 4-ბურთიანი უპირატესობით გავედით.
მანამდე კი, არაერთი მომენტი გვქონდა. გოლის გატანამდე მცირედი დააკლდათ ცინცაძეს, ზარანდიას, აბურჯანიას, თევზაძეს….
მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როცა კაკაბაძე-დარციმელიას კომბინაცია გოლით ლუკა კიკაბიძემ დაასრულა – 5:0. საჯარიმო დარტყმით მეორე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ცინცაძეს, მაგრამ მცირედით ააცილა. ქართველები იმდენ ხანს ფლობდნენ ბურთს და ერთმანეთში ათამაშებდნენ, რომ შორიდან მაყურებელს ვარჯიშიც კი შეიძლებოდა ჰგონებოდა.
და მაშინ, როცა ყველა საფინალო სასტვენის მოლოდინში იყო, ჩვენებს მეტოქის შეტევა გაეპარათ და მეკარე ქურდაძემ მეტოქის თავდამსხმელი საჯარიმოში მოცელა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად პანაიოტუმ შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 5:1.
ახლა, საქართველოს ნაკრები 2 დღე დაისვენებს და ისრაელთან გადამწყვეტი მატჩისთვის მოემზადება. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს ფრეც აძლევს ხელს, თუმცა, ქართველი ფეხბურთელები ელიტრაუნდის ასპროცენტიანი შედეგით დამთავრებას გეგმავენ და ისრაელთან მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ.
ასე რომ, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა – 30 მაისს, ისრაელთან დადებითი შედეგი. გუნდს დაუბრუნდება წინა მატჩში დისკვალიფიცირებული გიორგი პაპუნაშვილი და ვასილ მაისურაძის გუნდი სრული საბრძოლო შემადგენლობით იქნება.
აქვე, ერთი საინტერესო ფაქტიც: ბოლო მატჩის მთავარი მსაჯი რუმინელი მარიუშ ავრამი იქნება, რომელიც ვასილ მაისურაძეს, მის გუნდსა და ქართველ გულშემატკივარს საკმაოდ ცუდად ახსოვს 2012 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან, როცა ნახევარფინალში, ჰოლანდიასთან, რუმინელმა მოედნიდან ნიკა ჭანტურია გააძევა და კაცნაკლული დაგვტოვა. „95-იანებმა“ ჰოლანდიასთან რევანში უკვე აიღეს და ვიმედოვნებთ, 30 მაისის მატჩში, მარიუშ ავრამი მოედანზე ყველაზე შეუმჩნეველი ფიგურა იქნება…
19-წლამდელთა ელიტრაუნდი. მე-3 ჯგუფი
ლოზანა, შვეიცარია. სტადიონი „ხუან-ანტონიო სამარანჩი“
საქართველო vs კვიპროსი 5:1 (4:0)
საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ნ.ჭანტურია (კაპ), თევზაძე, ცინცაძე, აბურჯანია (შენგელია 74), გოროზია, კიკაბიძე (ბერიძე 69), ზარანდია, დარციმელია (კერძევაძე 57)
მთ.მწვრთნელი – ვასილ მაისურაძე
კვიპროსი: გეორგიუ, კარო, დჯამასი, თერაფონტოსი (ტ.კონსტანტინუ 46), კოსმასი, ფრაგკოუ (პაპაფოტისი 79), კატელარისი, ტ.კონსტანტინუ, ლოიციდესი, პანაიოტუ, მაკრისი (კატსიატი 90+3)
მთ.მწვრთნელი – იოანის კონსტანტინუ
გოლები: ცინცაძე (14), კიკაბიძე (19, 55), ზარანდია (30), ლოიციდესი (45+2 საკ. კარში), პანაიოტუ (90+3 პენ)
გაფრთხილება: კაკაბაძე
მსაჯი: დანილო გრუჟიჩი (სერბეთი)
სფფ-ის პრესსამსახური
ლოზანა, შვეიცარია