U19 — ერთი დღე იტალიასთან შეხვედრამდე
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები იტალიაში, ქალაქ ჯენზანოში იმყოფება და იტალიის 19-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება. ჯენზანო რომის სიახლოვეს, სულ რაღაც 30 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქია.
19-წლამდელები იტალიაში გუშინ საღამოს ჩავიდნენ. ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – გიორგი დევდარიანმა ფეხბურთელები ადგილობრივ სტადიონზე მსუბუქად ავარჯიშა. ნაკრებს ადგილზე დახვდა ორი ლეგიონერი – ბელგიური „გენკის“ ქართველი შემტევი – ლუკა ზარანდია და იტალიური „ემპოლის“ ფორვარდი – რომან ჭანტურია. „ემპოლის“ ფორვარდი ტრავმას იშუშებს და მისი მატჩში მონაწილეობა თითქმის გამორიცხულია. თუმცა, ის ნაკრებთან ერთადაა და სავარჯიშო პროცესშიც მცირე დატვირთვებს იღებს.
იტალია – საქართველოს ამხანაგური მატჩი ხვალ, 25 თებერვალს, თბილისის დროით 17:30 წუთზე, ჯენზანოს სტადიონზე დაიწყება.
გამომგზავრებამდე, ნაკრების შემადგენლობაში ორი ცვლილება მოხდა. ზურაბ მალანიასა და გიორგი თევზაძის ნაცვლად, გუნდს ბექა ჭკუასელი და დემურ ჩიხლაძე შემოუერთდნენ. მალანიამ, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „შუქურას“ შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ბოლო წუთებზე მიიღო ტრავმა. გიორგი თევზაძე კი, შეუძლოდ გახდა.
საბოლოოდ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები იტალიაში ასეთი შემადგენლობით იმყოფება:
მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), ბექა ქურდაძე („საბურთალო“);
მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ყველა „საბურთალო“), გიორგი დუმბაძე („ლოკომოტივი“, თბილისი);
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი კილასონია („მეტალურგი“, რუსთავი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“), ცოტნე მესხი („შუქურა“, ქობულეთი), გიორგი ბერიძე („ზესტაფონი“), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), დემურ ჩიხლაძე („ლოკომოტივი“ თბილისი), ბექა ჭკუასელი („დინამო“, ბათუმი);
თავდამსხმელები: რომან ჭანტურია („ემპოლი“, იტალია), ილია კერძევაძე („სამტრედია“), ლუკა ზარანდია („გენკი“, ბელგია).
დღეს საღამოს, მატჩისწინა ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა კვლავ ჯენზანოს სტადიონზე ჩაატარა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მასპინძელთა ნაკრები დღესდღეობით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. როგორც ცნობილია, 96 წელს დაბადებულთა თაობა იტალიაში გამორჩეულია.
სფფ-ის პრესსამსახური
ჯენზანო, იტალია