U19 – ნულოვანი ფრე უკრაინასთან პირველ ამხანაგურში
დღეს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებთან გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ – 0:0 დაასრულა. მატჩი ბანიკოვის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ადგილობრივ ქომაგთან ერთად, ტრიბუნაზე თავი კიევში მცხოვრებმა ქართველებმაც მოიყარეს. მატჩს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც ადევნებდა თვალს.
საქართველოს ნაკრებს მოედანზე ჯიმი ტაბიძე გამოუძღვა, ახალგაზრდა მცველმა ამ მატჩში ნაკრებს პირველად უკაპიტნა. ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა დებიუტანტმა ზაურ გოგუაძემ, რომელიც თამაშში მეორე ტაიმის ბოლოს ჩაერთო.
საერთო ჯამში, პირველ ტაიმში ქართველთა სათამაშო უპირატესობა აშკარა იყო. დევდარიანის ნაკრები მწყობრად და შეთანხმებულად თამაშობდა. იმის მიუხედავად, რომ ნაკრებს ძირითადი ბირთვის მოთამაშეების მთელი „არმია“ აკლდა, გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგანაც არაერთი კომპლიმენტი მივიღეთ.
მეორე ტაიმში, ტემპი ცოტა დავარდა, თუმცა, ჩვენი შემტევი ხაზი მაინც სწრაფად და გამიზნულად უტევდა. შეტევები გაამწვავა მეორე ტაიმში შესულმა ბექა ჭკუასელმა, რომელიც კარგად ჩაერთო თამაშში და ასევე კარგად აუბა მხარი გიორგი ბერიძეს, რომელმაც მთელი მატჩი თავდაუზოგავად იბრძოდა. თუმცა, ასპროცენტიან საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. მეორე ტაიმში გოშაძის კარს უკრაინელებიც რამდენჯერმე დაემუქრნენ, თუმცა, უშედეგოდ. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო უკრაინის ნაკრებში მოთამაშე ბექა ვაჩიბერაძე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. კარგად გამოიყურებოდა ჩვენი დაცვის ხაზიც და შეიძლება ითქვას, რომ მათ უხეში შეცდომა არ დაუშვიათ.
ხვალ, საქართველოს ნაკრებს მცირე აღდგენითი ვარჯიში ექნება და დანარჩენ დროს, დევდარიანი ფეხბურთელებს დაასვენებს. 30 აპრილს კი, იმავე სტადიონზე ამ გუნდების მეორე ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
უკრაინაU19 vs საქართველოU19 0:0 (ამხ.)
უკრაინაU19: მოზილი, ოსმანი, მატვიენკო, კირიუხანცევი, შებეტუნი (ბელოუსოვი 63), ვაჩიბერაძე, ზოტკო, კვიჩი (ზუბკოვი 46), ლუკიანჩუკი, მისიკი (შვედი 46), ტრეტიაკოვი
მთ.მწვრთნელი – ოლექსანდრ გოლოვკა
საქართველოU19: გოშაძე, ჩაბრაძე, მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, მოხევიშვილი (მამუჩაშვილი 83), შულაია, გოშთელიანი (გოგუაძე 75), ბერიძე, ხარაიშვილი, კვირკვია (ჭკუასელი 63)
მთ.მწვრთნელი – გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: ვაჩიბერაძე, მატვიენკო, შულაია
სფფ-ის პრესსამსახური
კიევი, უკრაინა