ნახევარი წელიწადიც არ გასულა, რაც თავდამსხმელ ალბერტო ჯილარდინოს სამშობლო მოენატრა – ჩინეთიდან იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სერია ა-სა და „ფიორენტინაში“ დაბრუნდა.
როგორც ჩანს, ფლორენციულმა კლუბმა ჩინურ „გუანჩჟოუ ევერგრანდთან“ საერთო ენა იპოვა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. რამდენიმე წლის წინ აზიურ კლუბში მარჩელო ლიპი მუშაობდა, ცოტა ხნის წინ კი იგი ფაბიო კანავარომ შეცვალა, შესაბამისად, ამ კლუბის ყურადღება იტალიელმა ფეხბურთელებმაც დაიმსახურეს.
ზაფხულში „გუანჩჟოუში“ ჯილარდინოსთან ერთად ალესანდრო დიამანტიც გადაბარგდა. სხვათაშორის, ჯილას მსგავსად, „ფიორენტინაში“ იჯარით ისიც დაბრუნდა. თუმცა, „იების“ რიგებში უფრო დიდი ხნის განმავლობაში ალბერომ ითამაშა და სამ სეზონში „ვიოლას“ მაისურით სამოცამდე გოლიც გაიტანა. ორივე ამ მოთამაშის გამოცდილების ხარჯზე, ვინჩენცო მონტელა მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდის თამაშის გაუმჯობესაბას იმედოვნებს.
ჯუზეპე როსის ტრავმა უკვე დიდი ხნის განმავლობაში აქვს, მარიო გომესი კი, კომპლიმენტების მიუხედავად, მასზე დახარჯულ ოცდაათ მილიონ ევროს ვერ ამართლებს. ელ-ჰამდაუი გულშემატკივრებს უკვე დიდი ხანი აღარ ახსოვთ, 21 წლის ჰუმა ბაბაკარი კი სტაბილურობით ნამდვილად ვერ გამოირჩევა. ასე რომ, საქმეში ძველი გვარდიის ჩართვა, „ფიორესთვის“, შესაძლოა, შესაფერისი ვარიანტი იყოს. დიამანტის მოწვევასთან დაკავშირებით კამათი კიდევ შეიძლება, მაგრამ ალბერტოს მოსვლა, ალბათ, ფლორენციელი გულშემატკივრების უმეტესობას გაუხარდებოდა. საუბარი ჰომ ეფექტურ თავდამსხმელზეა, რომელიც წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო კარგი ხდებოდა. „პარმას“ რიგებში წარმატების მიღწევის შემდეგვე იგი „მილანმა“ მიიწვია. არა, იგი დღევანდელ, პრობლემებით სავსე „მილანში“ არ ყოფილა – ჯილა იმ გუნდის რიგებში თამაშობდა, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისში ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი იყო.
კარლო ანჩელოტის გუნდის რიგებში ალბერტომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მანამდე ერთი წლით ადრე კი „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. შემდგომ ჯილა „შავ-წითლების“ შემადგენლობაში ნაკლებად ხვდებოდა, რის გამოც, 2008 წელს იგი „ფიორენტინას“ შეუერთდა. იმ წელს „იების“ შემტევი ხაზი საინტერესოდ გამოიყურებოდა, მის რიგებში ადრიან მუტუ, ჯამპაოლო პაცინი, პაბლო ოსვალდო და სტევან იოვეტიჩი თამაშობდნენ. პირველივე სეზონი ალბერტოსთვის იმდენად წარმატებული გამოვიდა, რომ მან 25 გოლის გატანა მოახერხა. სამწუხაროდ, ეს მისი მაქსიმუმი იყო. შემდეგ მან „ბოლონიასა“ და „ჯენოაშიც“ ითამაშა.
ჩინეთში ჯილასგან უფრო მეტს ითხოვენ, თუმცა იქ თამაში გაცილებით ადვილია. ვნახოთ, რამდენად შეძლებს 32 წლის მოთამაშე ევროპის ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში დაბრუნებას. აზიაში, ალბათ, იტალიის პირველობაში მოასპარეზე მცველების მსგავსი ფეხბურთელები არ თამაშობენ. იტალიური კლუბები, ხშირად, ახალ მოთამაშეებს მათი სახელებიდან გამომდინარეც იმატებენ. გარდა ამისა, მნიშვნელობა არც ასაკს აქვს, რასაც დი ნატალე და ტოტი ამტკიცებენ, რომლებიც თავისი კლუბების წამყვან მოთამაშეებად ახლაც რჩებიან. მათი ასაკიდან გამომდიანრე, ჯილარდინოს თავის გამოსაჩენად კიდევ საკმარისი დრო აქვს. უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში იჯარით თამაშის შემდეგ „ფიორენტინას“ მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება. „არტემიო ფრანკიზე“ ალბერტოს ყველა იცნობს, აქაური პუბლიკა მისგან კარგ თამაშს მოელის და ნაცნობი ხალხის გულის დაწყვეტა ჯილას მხრიდან ლამაზი ნამდვილად არ იქნებოდა…
სხვათაშორის, ალბერტომ „ფიორეში“ დაბრუნების შემდეგ თავისი პირველი მატჩის ჩატარება უვკე მაოსწრო. გუშინ ფლორენციელები მის ყოფილ გუნდ „ჯენოას“ შეხვდნენ – შეხვედრა, ფრედ, 1:1 დასრულდა, ჯილარდინო კი სააქმეში 74-ე წუთიდან ჩაერთო, თუმცა თავის გამოჩენა დარჩენილ დროში ვერ შეძლო.