უეფამ „მანჩესტერ სიტი“, „პსჟ“ და კიდევ 7 კლუბი დააჯარიმა
უეფამ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევისთვის ცხრა საფეხბურთო კლუბი დააჯარიმა. მათ შორის მოხვდა „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.
იმ კლუბთა სრულია სია, რომლებიც დაჯარიმდებიან, ასე გამოიყურება: „გალათასარაი“, „ტრაბზონსპორი“, „ბურსასპორი“, „ანჟი“, „ზენიტი“, „რუბინი“, „ლევსკი“, „მანჩესტერ სიტი“, „პსჟ“.
უეფას მიერ გამოტანილი სანქცია 2014-15, 2015-16 და 2016-17 წლების სეზონზე გავრცელდება.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ 60-60 მილიონი ევროთი დააჯარიმა. გარდა ამისა, „ქალაქელებისა“ და პარიზელების საჩემპიონთალიგო განაცხადები 25-დან 21 კაცამდე შემცირდება.
ევროთასებზე „ზენიტის“ განაცხადი 22 მოთამაშემდე დაიკლებს. რუსულ კლუბს ჯარიმის სახით 12 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.
„რუბინისა“ და „ანჟის“ განაცხადები ევროთასების მომდევნო სეზონებზე 21 კაცამდე შემცირდება. გარდა ამისა, ყაზანელებს ჯარიმის სახით 6 მლნ, დაღესტნელებს კი 2 მლნ ევროს გადახდა დაეკისრათ.
„გალათასარაი“, „ტრაბზონსპორი“ და „ბურსასპორი“ 200 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ.
ყველა კლუბს აქვს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში უეფას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
ბექა დოგრაშვილი