უელსელთა მწვრთნელი: “ისეთივე დაბნეულები ვიყავით, როგორც სხვები”
საქართველოსა და უელსის ნაკრებებს შორის გამართული სარაგბო დაპირისპირების შემდეგ ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვორენ გატლანდმა პრესასთან ისაუბრა. ზელანდიელთა თავკაცმა შეხვედრის ბოლო წუთებში მომხდარზე კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ თამაშის ბოლო ათი წუთი ქართველებმა მეტოქის ჩათვლის ხაზიდან რამდენიმე მეტრის არეალში გაატარეს. შერკინებაში ქართველების უპირატესობა არც უელსელთათვის იყო შეუმჩნეველი. თუმცა, გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი მთავარი კოზირის გამოყენება იმ მიზეზის გამო ვერ შევძელით, რომ მოედანზე მეტოქეთა მხრიდან მორკინალი არ გამოჩნდა. ამ ყველაფერს გულშემატკივართა ნაწილი უელსის მწვრთნელის “ეშმაკურ” ჩანაფიქრად თვლის.
“ისეთივე დაბნეულები ვიყავით, როგორც ყველა დანარჩენი. ლეონ ბრაუნის მოედნიდან გაყვანა ტაქტიკური ცვლილების ნაწილი იყო, თუმცა ვიცოდით, რომ ფეხსაც იტკიებდა.
ყვითელი ბარათის შემდეგ, რომელიც კიდევ ერთმა მორკინალმა მიიღო, დავფიქრდით, შეძლებდა თუ არა ლეონი თამაშს, მაგრამ მისი მუხლები ამისთვის მზად არ იყვნენ. მუხლი ნიკისაც დაზიანებული ჰქონდა, ამიტომაც შევიდა კრისტიან დესი მოედანზე მათ ნაცვლად.
გეფიცებით, ჩვენ წესებით მანიპულაციაზე ერთი წამითაც არ გვიფიქრია. მსგავსი არაფერი ყოფილა. ლეონი მზად რომ ყოფილიყო, ის აუცილებლად შევიდოდა მოედანზე,” – აცხადებს გატლანდი.