უეფა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლას აპირებს
უეფას ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგის ფორმატში ცვლილებების პროექტს განიხილავს.
კერძოდ, საუბარია ნახევარფინალურ ეტაპზე ორმატჩიანი დუელის გაუქმებაზე. პროექტის თანახმად, ერთმატჩიანი ნახევარფინალური შეხვედრა და თავად ფინალი ერთი კვირის განმავლობაში, ერთ კონკრეტულ ქალაქში ჩატარდება, სადაც სხვა ღონისძიებებიც გაიმართება: ლეგენდებისა და ახალგაზრდული გუნდების ფინალი, კონცერტები და სხვა. აღნიშნულმა პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს დამატებითი შემოსავლისა და მაყურებელთა აუდიტორიის ზრდას.
2024 წლამდე ცვლილებები ძალაში არ შევა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფორმატის რეფორმირებაა დაგეგმილი.
გასულ კვირას უეფამ გამოაქვეყნა ფინანსური ანალიზი, რომლის თანახმადაც, კონტინენტის წამყვანმა კლუბებმა კორონავირუსული პანდემიის გამო რვა მილიარდ ევროზე მეტის ზარალი იწვნიეს. კლუბებში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო უეფამ გუნდებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიებაზე მუშაობა დაიწყო.