უეფა საზაფხულო ჩემპიონთა ლიგის შექმნაზე მუშაობს
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო საზაფხულო ჩემპიონთა ლიგის შექმნაზე მუშაობს, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ბაზაზე უნდა დაფუძნდეს. საერთაშორისო ჩემპიონთა თასს კომპანია Relevent Sport-ი ატარებს, რომელიც საზაფხულო ჩემპიონთა ლიგის შექმნის შემთხვევაში, უეფას მთავარი პარტნიორი გახდება.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გათვლებით, ახალი ტურნირის პირველი გათამაშება 2021 წელს უნდა ჩატარდეს და მასში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯერ ჯგუფებად დაიყოფიან, აღნიშნული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი პლეი-ოფს ითამაშებენ.
დღესდღეობით საერთაშორისო ჩემპიონთა თასი ამხანაგური მატჩების ერთგვარ სერიად განიხილება, რომლის საშუალებითაც გუნდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან, ახალ ტურნირს კი საშეჯიბრო ხასიათი ექნება, რომელიც უეფას ეგიდით ჩატარდება. შესაძლო კონტრაქტი რვა წლის ვადით უნდა გაფორმდეს, თავად ტურნირი კი აშშ-ში ჩატარდება ხოლმე, თუმცა შესაძლოა, მომდევნო წლებში ასპარეზობა აზიაშიც გაიმართოს. ყველა გუნდი ვალდებული იქნება, ტურნირზე ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგეს. ჩანაფიქრის მიხედვით, საზაფხულო ჩემპიონთა ლიგას დროთა განმავლობაში სამხრეთამერიკული კლუბებიც დაემატებიან.
ახალი ტურნირის შექმნის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უეფასა და ფიფას შორის კონფლიქტი წარმოიშვება. როგორც მოგეხსენებათ, ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მომდევნო წელს ზაფხულის პერიოდში გაიმართება.