უეფამ მესამე საკლუბო ტურნირი დაამტკიცა
დუბლინში გამართულ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე 2021-2024 წლების საშეჯიბრო ციკლში მესამე საკლუბო ტურნირის ჩატარება დამტკიცდა.
ახალი ტურნირი (სამუშაო სახელწოდებით UEL2) ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის იდენტური ფორმატით გაიმართება. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 32 კლუბი ითამაშებს.
ფორმატი მოიცავს ჯგუფურ ეტაპს (რვა ჯგუფში გადანაწილებული ოთხ-ოთხი კლუბი), მერვედფინალს, მეოთხედფინალს, ნახევარფინალს და ფინალს.
ახალი ტურნირის მერვედფინალურ ეტაპამდე ჩატარდება დამატებითი საპლეიოფო რაუნდი, რომელშიც UEL2-ის ჯგუფური ეტაპის მეორე და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ახალი ტურნირი მოიცავს 141 მატჩს და 15 სათამაშო დღეს.
ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად მიიღებს ევროპის ლიგის მომდევნო სეზონის საგზურს.
მატჩები გაიმართება ხუთშაბათ დღეს. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები კვლავინდებურად სამშაბათსა და ოთხშაბათს ჩატარდება, ხოლო ევროპის ლიგისა და ახალი ტურნირის მატჩები ხუთშაბათობით გაიმართება და დღის პირველი შეხვედრები თბილისის დროით, სავარაუდოდ, 18:30 საათიდან დაიწყება.
ახალი ტურნირის შემოღებით ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ 34 ასოციაცია იქნება წარმოდგენილი (დღე მინიმუმ 26 ასოციაციაა წარმოდგენილი). ახალი ტურნირი ყველა ევროპული ასოციაციისთვის იქნება ღია. შენარჩუნებული იქნება დღეს არსებული კვოტირების სისტემა.
ახალი ტურნირის დასახელება/ბრენდი, ფინანსური დეტალები, კოეფიციენტთა სისტემა და კომერციული სტრატეგია 2019 წელს დამტკიცდება.
2021-2024 წლების ციკლში ევროპის ლიგის ფორმატი ახალი ტურნირის ფორმატის შესაბამისი იქნება. კერძოდ, მერვედფინალურ ეტაპამდე აღნიშნული რაუნდის საგზურისთვის ერთმანეთს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნები დაუპირისპირდებიან.
ჩემპიონთა ლიგის ფორმატი და შერჩევის სქემა უცვლელად დარჩა.