უეფამ პოჩეტინოს თხოვნა დააკმაყოფილა – რა მოხდება ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყების წინ?
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ სპეციალური თხოვნით მიმართა.
პოჩეტინოს შეთავაზება
არგენტინელმა მწვრთნელმა პარასკევს ჟურნალისტებს მისი ინიციატივის შესახებ გაუმხილა. მას სურს, რომ ფინალის დაწყების წინ, ფოტო მთელმა გუნდმა ერთად გადაიღოს, რაც ისტორიას შემორჩება.
“რამდენიმე კვირის წინ უეფას წინადადებით მივმართე. კარგი იქნება, თუ ფინალის დაწყების წინ ფოტოს მხოლოდ სასტარტო თერთმეტეულს კი არა, არამედ მთელ გუნდს (სათადარიგოების ჩათვლით) გადაუღებენ. ვფიქრობ, უეფამ ეს შეთავაზება მოისმინა და ჩემი აზრით, ხვალ ფოტოს გადაღება მთელ გუნდს ერთად შეეძლება”, – განაცხადა პოჩეტინომ.
უეფას პასუხი
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პოჩეტინოს წინადადება მოიწონა. უეფამ 31 მაისს განცხადება გამოაქვეყნა.
“გვინდა გაცნობოთ, რომ 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ახალი გუნდური ფოტოს პროტოკოლი ამოქმედდება. მას შემდეგ, რაც გუნდები ერთმანეთს და მსაჯებს ხელს ჩამოართმევენ, მათ ფოტოს გადაღება ორჯერ შეეძლებათ – პირველ ჯერზე ფოტოს ძირითად შემადგენლობაში მყოფ 11 ფეხბურთელს გადაუღებენ, მეორე შემთხვევაში კი მათ სათადარიგოთა რიგებში მყოფი მოთმაშეები შეუერთდებიან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.