უეფამ “რეალის”, “ბარსასა” და “იუვეს” წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო
ოთხშაბათს, უეფამ მადრიდის “რეალის” , “ბარსელონასა” და ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. ეს ის კლუბები არიან, რომელთაც ევროპული სუპერლიგის წევრობაზე უარი ამ დრომდე არ უთქვამთ.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სპეციალური ინსპექტორები დანიშნა, რომლებიც ზემოთ დასახელებული კლუბების მიერ სუპერლიგის წევრობით უეფას წესების შესაძლო დარღვევის ფაქტს გამოიძიებენ.
“რეალს”, “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” ევროთასებიდან მოკვეთა ემუქრებათ. გარდა ამისა, ისინი ეროვნულ ლიგებში წევრობის უფლების ჩამორთმევის საფრთხის წინაშე არიან.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში 12 წამყვანი ევროპული კლუბი იყო გაერთიანებული: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. მოგვიანებით კლუბთა უმეტესობამ ტურნირზე უარი თქვა, რის გამოც პროექტი შეჩერდა.