უეფას ფინანსური ანგარიში: შემოსავალი გაორმაგდა
უეფამ 2015-2016 წლების სეზონის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შემოსავალი წინა სეზონთან შედარებით გაორმაგდა და 4,58 მილიარდი ევრო შეადგინა.
შემოსავლის მთავარი წყარო სატელევიზიო უფლებების გაყიდვა გახდა – 3,19 მილიარდი ევრო. უეფამ 928 მილიონი ევრო კომერციული უფლებების გაყიდვით გამოიმუშავა. ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 429 მილიონი ევრო, სხვა შემოსავლებმა კი 37,3 მილიონი ევრო შეადგინა.
უეფას ხარჯმა სეზონის განმავლობაში 3,55 მილიარდი ევრო შეადგინა. ორგანიზაციამ 2,269 მილიარდი ევრო ტურნირებში მონაწილე გუნდებს გადაურიცხა. უშუალოდ შეჯიბრებების ორგანიზებაში უეფამ 537,7 მილიონი ევრო დახარჯა. უეფას თანამშრომელთა ანაზღაურებამ 158,5 მილიონი ევრო შეადგინა. მსაჯთა მომსახურებაში დაიხარჯა 40,1 მილიონი ევრო. ორგანიზაციაში შემავალ ფედერაციებს გადაეცათ 69,5 მილიონი ევრო. საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯებმა 107,1 მილიონი ევრო შეადგინა. ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი 9,9 მილიონი ევრო იყო, ხოლო სხვა ხარჯებმა 117,6 მილიონი ევრო შეადგინა.
შესაბამისად, უეფას წმინდა მოგებამ 2015-2016 წლების სეზონში 1,27 მილიარდი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უეფამ ამ თანხიდან 1,16 მილიარდი ევრო ევროპის ასოციაციებისა და კლუბების სოლიდარობის პროგრამაზე მიმართა. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველომ უეფასგან 3 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი მიიღო. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების ფეხბურთელთა თამაშის გამო ოთხმა გუნდმა (“დინამო თბილისი”, “დილა”, “სამტრედია”, ბათუმის “დინამო”) საერთო ჯამში 159 416 ევრო მიიღო.