უეფას პრეზიდენტმა სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების გადაწყვეტილება განმარტა
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2021/06/aleksander-ceferin-1.jpg)
უეფამ საკუთარ ტურნირებზე სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განმარტა.
“სტუმრად გატანილი გოლის წესი 1965 წელს ამოქმედდა და ის უეფას ტურნირების განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა მისი გაუქმების საკითხს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უეფას სხვადასხვა შეხვედრებზე განვიხილავდით. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი პოზიცია არ იყო, ბევრმა მწვრთნელმა, გულშემატკივარმა თუ სხვა დაინტერესებულმა მხარემ ეჭვქვეშ დააყენა ამ წესის სამართლიანობა და მხარი დაუჭირა მის გაუქმებას.
აღნიშნული წესის გავლენა ეწინააღმდეგება მის თავდაპირველ დანიშნულებას, ვინაიდან მასპინძელი გუნდი, განსაკუთრებით ორმატჩიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში, შეტევაზე უარს ამბობს, რადგან გოლის მიღების ეშინია, რაც მეტოქეს გადამწყვეტ უპირატესობას აძლევს. ასევე გამოითქვა კრიტიკული მოსაზრება დამატებით დროში ამ წესის არსებობაზე, რადგან თუ სტუმრები გოლს გაიტანენ, მასპინძლებს ორი ბურთის გატანა მართებთ.
სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ საკუთარი მინდვრის უპირატესობა დღეს აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი. ევროპის მასშტაბით ერთიანი სათამაშო სტილისა და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც გამოიწვია საშინაო მოედნის ფაქტორის შემცირება, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სტუმრად გატანილი გოლი შინ გატანილზე ფასეული აღარ არის”, – ჩეფერინის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მომდევნო სეზონიდან უეფას ეგიდით გასამართ ტურნირებზე ორმატჩიან დაპირისპირებაში დაფიქსირებული საყაიმო შედეგის შემთხვევაში, დაინიშნება დამატებითი ტაიმები, ხოლო თუ გამარჯვებულის ბედი ამ დროშიც ვერ გაირკვევა, საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივა.