უეფას სუპერთასი “ბაიერნმა” მოიგო (ვიდეო)
ბუდაპეშტის “პუშკაშ არენაზე” მიუნხენის “ბაიერნსა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელიც გერმანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, თუმცა გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმების დანიშვნა გახდა საჭირო.
ბავარიელებმა შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, მაგრამ თამაში მალევე გათანაბრდა და მოულოდნელად “სევილია” დაწინაურდა კიდეც. დე იონგისა და რაკიტიჩის აქტიურობის წყალობით მატჩის მე-13 წუთზე ესპანელებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ოკამპოსმა გამოიყენა. ანგარიშის გათანაბრების შანსი მიულერსა და ლევანდოვსკის ჰქონდათ, თუმცა გერმანელის შემთხვევაში “სევილია” მცველმა გადაარჩინა, პოლონელმა კი მეკარესთან ერთი ერთზე მიცემული შანსი გაანიავა. მოგვიანებით ლევანდოვსკიმ შეცდომა გამოასწორა და გორეცკას საგოლე გადაცემა მისცა – 1:1. “ბაიერნმა” დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ტაიმი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე ლევანდოვსკიმ გოლი გაიტანა, თუმცა VAR-ის სისტემამ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მოგვიანებით ბავარიელებმა კიდევ გაიტანეს, თუმცა VAR-ის სისტემამ გოლი ამჯერადაც გააუქმა, ლევანდოვსკი კი მეტოქის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა. მეორე ტაიმი მთლიანად გერმანელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გოლის გატანის ყველაზე რეალური მომენტი ესპანელებს ჰქონდათ, როდესაც ენ-ნასირი სწრაფი კონტრშეტევის შედეგად მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, თუმცა ნოიერმა ბურთის კუთხურზე მოგერიება შეძლო. საბოლოო ჯამში, 90 წუთმა გამარჯვებულის ვინაობა ვერ გამოარკვია და დამატებითი დრო დაინიშნა.
პირველი დამატებითი ტაიმის ბოლო წუთზე “ბაიერნმა” თავისას მაინც მიაღწია. შეცვლაზე შემოსულმა ხავი მარტინესმა თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი თანამემამულეთა კარში და გერმანელები დააწინაურა 2:1. “სევილიამ” დარჩენილ დროში წონასწორობის აღდგენა ვერ შეძლო.
ამრიგად, “ბაიერნი” უეფას სუპერთასს დაეუფლა. გერმანულმა გუნდმა ეს ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგო (პირველად 2013 წელს).
უეფას სუპერთასი
“ბაიერნი” — “სევილია” 1:1 (1:1) (დ.დ. 2:1)
გოლები: გორეცკა 34′, ხავი მარტინესი 104′ — ოკამპოსი 13′ (პენ).