უეფას სუპერთასი: უეფას ბავშვთა ფონდის პრესრელიზი — “ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს”
უეფას ბავშვთა ფონდმა სპეციალური პრესრელიზი გამოგვიგზავნა, რომელშიც წერია, რომ სუპერთასის გახსნის ცერემონიას სიმბოლური დატვირთვა ექნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცხრა ქვეყნიდან შერჩეული ბავშვები, რომლებიც მშვიდობისა და ერთიანობის ჯაჭვს გააკეთებენ.
ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს
1000 ბავშვის, ფეხბურთელის და მსაჯისგან შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი მშვიდობისა და ერთობის მხარდასაჭერად
თბილისში, სამშაბათს, 11 აგვისტოს გასამართი უეფას სუპერ თასის მატჩი, საფეხბურთო კლუბებს – ბარსელონასა და სევილიას შორის, გამორჩეული ისტორიული მომენტი იქნება მსოფლიო ფეხბურთში. პირველად, გახსნის ცერემონიაში წარმოდგენილი იქნება ცოცხალი ჯაჭვი: სიმბოლური აქტი, რომელიც გააერთიანებს ფეხბურთელებს, მსაჯებს და ათასს სოციალურად დაუცველ ბავშვს და მათ თანმხლებ პირებს საქართველოდან და რვა მეზობელი ქვეყნიდან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ბავშვთა ფონდის ამ ინიციატივის მიზანია გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: “ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს.”
თბილისი აღმოსავლეთ-ევროპული ქალაქია, რომელიც მასპინძლობს უეფას სუპერ თასს, მას შემდეგ რაც 2012 წელს ის აღარ ტარდება მონაკოში, სადაც ეს მატჩი იმართებოდა 1998 წლიდან. ახლა სხვა ქალაქებსაც შეუძლიათ უმასპინძლონ განვლილი სეზონის ევროპის ორი მთავარი საკლუბო შეჯიბრის – უეფას ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევროპა ლიგის გამარჯვებულთა დაპირისპირებას. სფფ-მ, უეფას ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, გადაწყვიტა ხელიდან არ გაეშვა შესაძლებლობა და ევროპის კონფლიქტური ზონებიდან ჩამოსული ბავშვების დახმარებით გადმოეცა მშვიდობისა და ერთობის იდეა, გვეჩვენებინა, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს ხალხის გაერთიანება. სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის, მოლდოვის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის საფეხბურთო ასოციაციები დადებითად გამოეხმაურნენ ამ ინიციატივას.
სფფ-ს პრეზიდენტმა, ბატონმა ზვიად სიჭინავამ ბრძანა: “ყველა მიიღებს მშვიდობისა და ერთიანობის გზავნილს ბავშვებისგან – გზავნილს რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ამ გზავნილის წინასამატჩო ცერემონიაში ჩართვა გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ძირითადი ღირებულებები უეფასთვის – ღირებულებები,რომლებმაც უეფას ბავშვთა ფონდის ინაუგურაციამდე მიგვიყვანა. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე ასოციაციას მხარდაჭერისა და საერთო ძალსიხმევისთვის, რომ ფეხბურთის უზარმაზარი პოპულარობა გამოვიყენოთ, როგორც პლატფორმა, ამ მნიშვნელოვანი ღირებულებების ფართო საზოგადოებისათვის მისაწოდებლად.”
ბატონმა მიშელ პლატინიმ, უეფას პრეზიდენტმა, დაამატა: “ფეხბურთი გვაძლევს დიდ შესაძლებლობას გავერთიანდეთ როგორც საზოგადოება და სრულყოფილი ცხოვრების შანსი მივცეთ ბავშვებს. ბავშვობა ის დროა, როდესაც ვამჟღავნებთ ყველაზე განსაკუთრებულ შესაძლებლობებს და ვიმედოვნებთ, რომ ამ ბავშვების მონაწილეობამ ამ უდიდეს ღონისძიებაში თბილისში, შეიძლება სულის შთაბეროს მათ მომავალს. მსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას, უეფას ბავშვთა ფონდთან ერთად გაწეული სამუშაოსთვის, რომ ამ პროექტის დახმარებით უკეთესი მომავლის იმედი ჩაესახათ დაუცველი ბავშვებისთვის. უეფას ბავშვთა ფონდი დაარსდა 2015 წელს, უეფას პრეზიდენტის ინიციატივით. იგი გამოხატავს უეფას სურვილს, გამოიყენოს ფეხბურთი როგორც კეთილი ძალა საზოგადოებაში. ფონდმა მრავალი ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამა განახორციელა მთელს მსოფლიოში. გარდა ამისა, წლის დასაწყისში, ბევრი ბავშვი დაესწრო უეფას ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს ვარშავაში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს ბერლინში და უეფას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ მატჩს პრაღაში.
პროექტში ჩართული თითოეული ცხრა ეროვნული ასოციაცია დაუკავშირდა თავის
ქვეყანაში დაუცველი ბავშვების მხარდამჭერ აღიარებულ უწყებას, რათა ამ
პროექტისთვის შეერჩიათ მონაწილეები. ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ 10-12 წლის,
ადგილობრივი მასობრივი საფეხბურთო ტურნირების გამარჯვებულები, ბავშვთა
სახლების ბინადრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები და სამხედრო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.
მონაწილეობას მიიღებენ:
20 ბავშვი და 3 უფროსი სომხეთიდან
20 ბავშვი და 2 უფროსი აზერბაიჯანიდან
15 ბავშვი და 2 უფროსი ბელორუსიდან
720 ბავშვი და 130 უფროსი საქართველოდან
10 ბავშვი და 2 უფროსი ყაზახეთიდან
19 ბავშვი და 4 უფროსი მოლდოვიდან
9 ბავშვი და 3 უფროსი რუსეთიდან
15 ბავშვი და 3 უფროსი თურქეთიდან
20 ბავშვი და 3 უფროსი უკრაინიდან
უეფას ბავშვთა ფონდის პრესრელიზი