უეფას სუპერთასი — უნაი ემერის წინასამატჩო სიტყვა
დღეს უეფას სუპერთასის მატჩში მადრიდის “რეალი” და “სევილია” შეერკინებიან ერთმანეთს. “სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი აღიარებს, რომ “რეალი” ფავორიტია, თუმცა მისი თქმით, ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული საკუთარი შანსების გამოყენებას ეცდება.
“ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენებით ერთხელ უკვე მოვახერხეთ “რეალის” დამარცხება (მარტი, 2014 წ. 2:1). ასე რომ, პრეცედენტი არსებობს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, თუმცა “სევილიამ” ევროპის ლიგაზე ნაჩვენები შესანიშნავი სერიით დაამტკიცა, რომ გუნდური შრომისმოყვარეობით ფავორიტის დამარცხება შესაძლებელია, როგორც ეს “ბენფიკასთან” შევძელით. ახალწვეულებს მხედველობაში თუ არ მივიღებთ, “რეალს” ძალიან კარგად ვიცნობთ, თუმცა თავად ჩვენზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გუნდურად, გონივრულად უნდა ვითამაშოთ, შემტევი პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, დაცვაშიც მარჯვედ თამაში გვმართებს. სწორედ ამის წყალობით დავამარცხეთ “რეალი” გასულ სეზონში.
“რეალი” უეჭველად ფავორიტია. გვინდა, რომ ინიციატივა ჩვენ ავიღოთ, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად მოგვცემს “რეალი” ამის საშუალებას. მადრიდელებს შეუძლიათ, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში თამაში გვაიძულონ. კრიშტიანუ, ბენზემა და ბეილი სწრაფები არიან და დაცვის ხაზში მეტოქეს სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ. ნახევარდაცვაში ხამეს როდრიგესს თავისუფლება არ უნდა მივცეთ. ასევე დასაშვებია, რომ თამაში საკუთარ თავზე მოდრიჩმა და კროოსმა აიღონ. ბურთი როგორც კი ჩაგვივარდება, მაშინვე სწრაფ კონტრშეტევებზე უნდა გადავიდეთ.
ბეილის შეჩერება ვერ მოვახერხეთ, როცა მან ჩვენს წინააღმდეგ პირველად ითამაშა. მაშინ ჩვენ ანგარიშით 3:7 დავმარცხდით (ოქტომბერი, 2013 წ.), ბეილი კი იმ დღეს გამორჩეული იყო. როდესაც გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს, შეგიძლია, მშვიდად იყო, მაგრამ როცა ის შენს წინააღმდეგ თამაშობს, მის გასანეიტრალებლად ორმაგი ან სამმაგი მუშაობა გიწევს. ვეცდებით, რომ ეს მოვახერხოთ, თუმც არც სხვა მოთამაშეების დავიწყებას ვაპირებთ”, – უნაი ემერის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მატჩი “რეალსა” და “სევილიას” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის ხელმძღვანელობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.