უკრაინის ნაკრების თავკაცი: “რუსულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს არ გამოვიძახებ”
უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსანდრ პეტრაკოვმა, პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას იმ უკრაინელი ფეხბურთელების საკითხს შეეხო, რომლებიც რუსულ კლუბებში თამაშობენ.
“ვთქვათ, რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელები გამოვიძახე – გამანადგურებთ, ასე არაა? გამიგეთ, ამ მომენტისთვის რუსულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელების გამოძახებას არ ვაპირებ.
იცით, რატომ? თებერვლის თვეში სახლში ვიყავი, პანდემიის გამო ბევრი ადამიანი იყო უმუშევრად დარჩენილი. ძირძველი კიეველი ვარ, ქალაქში სასეირნოდ როცა გავედი, “დინამოს” სტადიონამდე გზაში ვნახე ომში გარდაცვლილების ფოტოები. გოგოები, ახალგაზრდა ბიჭები, რამდენი გვარი, რამდენი ფოტო…
პირდაპირ გეუბნებით, რომ არა, არ ვაპირებ მათ გამოძახებას. შესაძლოა, დროთა განმავლობაში რამე შეიცვალოს, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ მოხდება,” – აცხადებს პეტრაკოვი პრესკონფერენციაზე.