ულიე: “ლივერპულს” რონალდუს დამატება შეეძლო, მაგრამ მაშინ ჩვენ ჰარი კიუელი გვყავდა”
“ლივერპულის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ განაცხადა, რომ მერსისაიდულ კლუბს თავის დროზე ლისაბონის “სპორტინგიდან” კრიშტიანუ რონალდუს გადაბირება სურდა, მაგრამ პორტუგალიელი ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნის გამო ეს ვერ მოხერხდა.
“კრიშტიანუ რონალდუს თამაში ტულონში გამართულ 21-წლამდელთა ტურნირზე ვიხილე. მისი დამატების სურვილი გამოვთქვით, მაგრამ ფინანსური მოთხოვნა ვერ დავაკმაყოფილეთ. გუნდში სახელფასო შკალა გვქონდა და იმდენს ვერ გადავიხდიდით, რამდენიც მას სურდა. ამ შკალის დარღვევა არ გვინდოდა, რადგან ეს დანარჩენი ფეხბურთელების უკმაყოფილებას გამოიწვევდა.
შესაძლოა, რონალდუს ტრანსფერისთვის ბრძოლა მოგვეგო, მაგრამ იმ დროს ჰარი კიუელი გვყავდა, რომელიც საკუთარი ფორმის პიკში იყო. სამწუხაროდ, შემდეგ მან ტრავმა მიიღო და მოგვიანებით ძველებურად ვეღარ ათამაშდა”, – ულიეს კომენტარი Liverpool Echo-მ გამოაქვეყნა.