უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფი: “კოლხეთმა” “ზუდიდს” სძლია, ლიდერებმა ქულები გაიყვეს
დღეს უმაღლესი ლიგის წითელ ჯგუფში მერვე ტურის შეხვერდები გაიმართა.
“კოლხეთი” – “ზუგდიდი”
ფოთში ადგილობრივი “კოლხეთი” “ზუდიდს” დაუპირისპირდა. მატჩი მაპსინძელთა უპირატესობით წარიმართა. 24-ე წუთზე იგორ ოზარკივმა “კოლხეთი” დააწინაურა. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა.
მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა რამდენიმე მომენტი. საბოლოოდ, გატანა ისევ ფოთელებმა შეძლეს – მატჩის 90-ე წუთზე ჯღამაიამ ორამდე გაზარდა უპირატესობა და შეხვედრაში წერტილი დასვა. საბოლოოდ – 2-0 მასპინძელთა სასარგებლოდ.
ამ თამაშის შემდეგ “კოლხეთს” 12 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა, ხოლო “ზუგდიდმა” მხოლოდ 3 ქულის მოპოვება შეძლო და ბოლო ადგილს იკავებს.
“საბურთალო” – “სიონი”
“მიხეილ მესხი 2”-ზე “საბურთალო” “სიონს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. დავით ვოლკოვმა 21-ე წუთზე “სიონი” დააწინაურა. პირველი ნახევარი ბოლნისლების გამარჯვებით დასრულდა.
დარჩენილ 45 წუთშიც 1 გოლი გავიდა. კონკრეტულად, 71-ეზე ხარაიშვილმა თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა ანგარიში და საბოლოო შედეგი – 1-1 დააფიქსირა.
8 ტურის შემდეგ “საბურთალოს” 9 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. რაც შეეხება “სიონს”, ბოლნისლები 5 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან.
“სამტრედია” – “დინამო” (ბათუმი)
სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე ადგილობრივი “სამტრედია” ბათუმურ “დინამოს” დაუპირისპირდა. ეს დღევანდელი დღის ცენტრალური შეხვედრა იყო, რადგან, სავარაუდოდ, ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთი დაიკავებს პირველ ადგილს წითელ ჯგუფში.
პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და ერთი გოლი გავიდა – მე-40 წუთზე კვანტალიანმა აჭარული კლუბი წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარში მე-60 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მასპინძლების წონასწორობა აღადგინა – 1-1. საბოლოოდ, ამ ანგარიშით დასრულდა მატჩი.
“სამტრედიას” 15 ქულა აქვს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო “დინამო” 13 მოპოვებული ქულით მეორე ადგილზეა.