უმაღლესის ბოლო აკორდი
უმაღლესი ლიგის გათამაშება დასასრულს მიუალოვდა. ბოლო ტურის მატჩები დღეს გაიმართება.
დინამო – მეტალურგი
“დინამო არენა”, 20:00
გასულ ტურში თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონის” ძლევით ჩემპიონობა ოფიციალურად მოიპოვა და რუსთავის “მეტალურგთან” საშინაო შეხვედრას გათამაშების გამარჯვებულის რანგში ხვდება.
“დინამო არენაზე” გასამართი ღონისძიების ყველაზე საინტერესო ნაწილი მატჩის შემდეგ შედგება. შეხვედრის დასრულებისთანავე თბილისელები ზედიზედ მეორედ ჩაიბარებენ საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილ თასსა და ოქროს მედლებს.
გურია – ჩიხურა
“ევგრაფი შევარდანძე”, 17:00
უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში ლანჩხუთის “გურია” გათამაშების მეორე ეტაპზე პირველი ქულების აღებას შეეცდება. აღნიშნულ შეხვედრას არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს. საჩხერელთა მწვრთნელის თქმით, დღევანდელი მატჩი თასის ფინალისთვის მოსამზადებელ ეტაპად არის განხილული.
ზესტაფონი – სიონი
“დავით აბაშიძე”, 19:00
მეორე და მესამე პოზიციაზე მყოფი გუნდების მატჩს ზესტაფონი უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრასაც სატურნირო დატვირთვა არ აქვს, მატჩი საინტერესო უნდა გამოდგეს.
თუმცა, “სიონი” შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო, ბოლნისელებს ქემოკლიძე, აბრამიძე, სამხარაძე და გოგობერიშვილი ვერ დაემხარებიან.
მერანი – ტორპედო
“ჩელე არენა”, 17:00
აღნიშნული მატჩი უბრალო ფორმალობად უნდა მივიჩნიოთ. ქვედა ლიგაში გავარდნილი მარტვილის “მერანი” ქობულეთში ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლებს. შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩაივლის, რაც ისედაც უინტრიგო მატჩს კიდევ უფრო უფერულს გახდის.
თუმცა, ხშირად მომხდარა, რომ გავარდნილ გუნდს ბოლო ტურში კარი გაუჯახუნებია. იქნებ, მარტვილელებმაც მოახერხონ ნამდვილი ბრძოლის გამართვა…
ვიტ ჯორჯია – სპარტაკი
“მცხეთა პარკი”, 17:00
მცხეთაში “ვეტერინარები” ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძებენ, რომელმაც გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვებით მოახერხა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.
ხვალინდელ მატჩს ორივე გუნდი დისკვალიფიკაციების გარეშე, საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. გუნდები საკუთარ გულშემატკივრებს აგვისტომდე ემშვიდობებიან და იმედია ამას სანახაობრივი თამაშის ჩვენებით გააკეთებენ.
დილა – ზუგდიდი
“თენგიზ ბურჯანაძე”, 17:00
უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი “ზუგდიდი” გორში ადგილობრივ “დილას” ესტუმრება. მიმდინარე სეზონი გორელებისთვისაც წარუმატებელი გამოდგა, თუმცა “დილამ” უმაღლესში ადგილის შენარჩუნება უპრობლემოდ მოახერხა და წელს დაშვებული შეცდომების გამოსწორებას გულშემატკივრებს მომავალ სეზონში პირდება.
“ზუგდიდი” კი, ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდის იმედით ემშვიდობება წლევანდელ გათამაშებას.