უნაი ემერი: “ნეიმარის ოპერაცია? ეს ტყუილია!”
ლიგა 1-ის გასულ ტურში “პარი სენ-ჟერმენის” შემტევმა, ნეიმარმა მარსელის “ოლიმპიკის” წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო. სხვადასხვა გამოცემის თანახმად, ბრაზილიელს 1-2 თვე მოუწევს უქმობა, ზოგი იმასაც წერს, რომ ის სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს – მხოლოდ მუნდიალზე იქნება შესაძლებელი, რომ მაყურებელმა “ნეი” მოედანზე იხილოს.
პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ თავისი ფეხბურთელის დაზიანებაზე ისაუბრა.
“საჭიროა, სიმშვიდე გამოვიჩინოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. მას, ამჟამინდელი დაკვირვებიდან გამომდინარე, ოპერაციას არ გაუკეთებენ. ისევ არსებობს მცირე შანსი, რომ ნეიმარმა მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ითამაშოს. თუმცა, გთხოვთ ნუ აყვებით ჭორებს – ჭორი კი ისაა, რომ ჩემს მოთამაშეს ოპერაციას უკეთებენ. ჩვენ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ,” – აცხადებს ემერი.