უნაი ემერი: “თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, გადაწყვეტილებას მე მივიღებ”
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ “ლიონთან” გამართულ მატჩში ნეიმარისა და კავანის შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
როგორც იცით, 17 სექტემბერს, “პარი სენ-ჟერმენმა” “ლიონი” 2:0 დაამარცხა. შეხვედრის მიმდინარეობისას, კავანიმ ნეიმარს პენალტი არ დაუთმო. ასევე, ერთ-ერთ ეპიზოდში დანი ალვეშმა საჯარიმო დარტყმის უფლება ურუგვაელს არ მისცა, ბურთი კი თანამემამულე ნეიმარს გადასცა.
“პენალტებს რამდენიმე ფეხბურთელი ასრულებს, ერთ-ერთი კავანია და ასევე, ნეიმარიც. რა თქმა უნდა, მოედანზე, შესაძლებელია, თანაგუნდელებმა ერთმანეთთან ყველაფერი შეათანხმონ. თერთმეტმეტრიანის კარგად შესრულება ორივე მოთამაშეს კარგად შეუძლია. თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, გადაწყვეტილებას მე მივიღებ. არ მინდა, რომ ეს პრობლემას წარმოადგენდეს”, – ციტირებს ემერის სიტყვებს Goal.Com.