“უნდა გავიხედოთ იქითაც, ვინ არის დღეს ბაზარზე” – კობიაშვილი საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხზე კომენტარი გააკეთა.
გადაცემა “ტაიმაუტში” სტუმრობისას, სფფ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ დღეს ძლიერი ქართველი სპეციალისტები არსებობენ, მაგრამ ფედერაციამ უცხოურ ბაზარზეც უნდა გაიხედოს.
“მე საკითხს არ ვუყურებ ისე, რომ ნაკრების მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს, რადგან მან საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს უყუროს. პრობლემა საქართველოს ჩემპიონატის თამაშების ყურება არ არის. პრობლემა არის ის, არიან თუ არა ჩემპიონატში ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრების დონეს აკმაყოფილებენ. ამის პრობლემა არც ვაისს ჰქონია. თუ გადავხედავთ ბოლო მატჩებს, ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი იყო საქართველოს ჩემპიონატიდან, როცა წლების წინ მათ არავინ იძახებდა.
ვადასტურებ, რომ დღეს საქართველოში გვყავს ძალიან ძლიერი ქართველი სპეციალისტები, რომლებიც დღეს, შეიძლება, საქართველოში არ მუშაობენ და სხვა ქვეყნებში არიან. არიან ისეთებიც, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში, ეროვნულ დონეზე მუშაობენ. ჩვენ მხოლოდ ერთი კუთხით ვერ შევხედავთ, უნდა გავიხედოთ იქითაც, ვინ არის დღეს ბაზარზე. ჩვენ მხოლოდ ერთი კუთხით არ ვუყურებთ, ორივე მხარე არის – ქართველიც და უცხოელიც”, – განაცხადა კობიაშვილმა.