უნდა შეჩერებულიყო თუ არა თამაში ინგლისის პენალტის მომენტამდე?
55-წლიანი ბრძოლის შემდეგ, ინგლისის საფეხბურთო ნაკრები პირველად ითამაშებს დიდი ტურნირის ფინალში (ბოლოს 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს). ფინალში მათი მეტოქე უძლიერესი იტალიის ნაკრები იქნება.
თუმცა, ფინალზე საუბრის წინ აუცილებლად უნდა შევეხოთ დანიასთან მომხდარი ერთ სადავო ეპიზოდს. გუშინდელი მატჩის მთავარი კითხვა ასეთია – უნდა შეჩერებულიყო თუ არა თამაში მოედანზე ორი ბურთის ყოფნის გამო.
მოედანზე ორი ბურთი ჯერ კიდევ მაშინ იყო, სანამ სტერლინგი დანიელთა საჯარიმოს მიუახლოვდებოდა. რაც მთავარია, ბურთი მოედნის მეორე მხარეს არ ყოფილა, მეტიც, ზუსტად იმ მონაკვეთში, სადაც სტერლინგი იმყოფებოდა.
The Sun-ის ცნობით, მატჩის მთავარი არბიტრი, დენი მაკკელიე, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუ თამაშს შეაჩერებდა და მეორე ბურთის გადაგდების შემდეგ ინგლისელებს დაუბრუნებდა ბურთს.
2020/21 წლების FIFA-ს წესების კრებულში კი ასეთ რამეს ვკითხულობთ – “მოედანზე დამატებითი ბურთის, რაიმე ობიექტის ან ცხოველის არსებობის შემთხვევაში მსაჯმა თამაში უნდა შეაჩეროს იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული მატჩის მიმდინარეობას ცალსახად უშლის ხელს.”