უნდა ვისარგებლოთ თუ არა ონლაინ სესხებით?
ონლან სესხების ირგვლივ დიდი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟია ატეხილი. ბევრია როგორც კმაყოფილი, ისე უკმაყოფილო მომხმარებელი. დამოკიდებულებებიც რადიკალურია. ბევრი ფიქრობს, რომ მინი კრედიტები ძალიან საჭირო პროდუქტია და ხშირად გვეხმარება სხვადასხვა ფინანასური პრობლემების მოგვარებაში.
მაგალითად, 24 წლის თაკო ერაძე ამბობს, რომ ონლაინ სესხებით ხშირად უსარგებლია.
„უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი მქონდა შესატანი. გარკვეულ თანხას თუ დროულად არ გადავიხდიდი, ვერც საგნებს ავირჩევდი და სტატუსიც შემიჩერდებოდა. მაშინ, ერთადერთ გამოსავლად სწორედ მიკროსესხის აღება მივიჩნიე. შემეძლო ვინმესგან სესხება, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ამ ყველაფერს ბევრად მეტი დრო სჭირდება, თან მეუხერხულა. ძალიან მეჩქარებოდა, ერთ-ერთი ონლაინ სესხის გამცემი კომპანიის გვერდზე შევავსე ონლაინ აპლიკაცია და 15 წუთში თანხა ჩემს ანგარიშზე აისახა.“
თუმცა, როგორც კახა ბეროშვილი ამბობს, მას ძალიან გაუძნელდა ონლაინ სესხების გამცემ კომპანიასთან ურთიერთობა, რადგან მათ ძალიან დიდი პროცენტი აქვთ დაწესებული არა მარტო ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის სახით, არამედ ჯარიმებისა და გადავადების გამო დარიცხული თანხების სახით.
„ფაქტობრივად, სამმაგის გადახდა მიწევდა, არ ვიცი როგორ გაიზარდა თანხა ასე სწრაფად. სასამართლომდე მიდიოდა საქმე, მაგრამ ბოლოს მოვილაპარაკეთ და გადამინაწილეს შედარებით გრძელ პერიოდზე. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ზედმეტის დაბრუნება მიწევს“.
ასეთ მაგალითებს თქვენ ირგვლივაც ძალიან ბევრს იპოვნით. დასკვნა კი ვერ იქნება ერთმნიშვნელოვანი. გადაჭრით არც იმის თქმა შეიძლება, რომ ონლაინ სესხებით ძალიან ხშირად უნდა ისარგებლოთ და არც იმის, რომ ეს ცუდი სერვისია.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გავეცნოთ აღნიშნულ პროდუქტს
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ის გათვლილია მოსახლეობის ყველაზე დიდ ფენაზე, რომელსაც საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავალი აქვს.
ასევე, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რა არის მათი ძირითადი დანიშნულება. ონლაინ სესხები გათვლილია კონკრეტული პრობლემური სიტუაციის დროს დასახმარებლად, ანუ მუშაობს „მასესხე ხელფასამდე“ პრინციპით. ეს არის მცირე თანხა, რომელიც მომენტალურად გიხსნით გამოუვალი მდგომარეობიდან და რომელსაც მალევე დააბრუნებთ.
შესაბამისად, კარგი იქნება, სანამ ოლაინ სესხის აღებას გადაწყვეტთ, უბრალოდ, დაფიქრდეთ, შეძლებთ თუ არა კონკრეტული დროის მონაკვეთში მის დაბრუნებას. კარგი იქნება თუ თქვენს ყოველდღიურ შემოსავალსა და ხარჯებს ერთმანეთს შეადარებთ და ნაშთად დარჩენილი „ზედმეტი“ თანხის მიხედვით გამოიტანთ შესაბამისი რაოდენობის სესხს. ასეთ შემთხვევაში აღნიშნულ თანხას მის დასაფარად გამოიყენებთ ანუ სესხს უფრო მარტივად გაისტუმრებთ და არც მსესხებელ კომპანიასთან შეგექმნებათ პრობლემა.