უოლტერსი: “ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრებთან რთული მატჩი გამოვიდოდა”
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდი დუბლინში ირლანდიის ნაკრებს ესტუმრა და მატჩის 69-ე წუთზე ჯონათან უოლტერსის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 0:1 დამარცხდა. უოლტერსმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებთან რთულ შეხვედრას მოელოდა და მისი მოლოდინი გამართლდა.
“ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გამოვიდოდა. მეტოქემ შოტლანდიის ნაკრები დაამარცხა. პირველი მატჩიდან ისიც ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ორგანიზებული გუნდია, ჰყავს ტექნიკური ფეხბურთელები, რომლებსაც ხიფათის შექმნა შეუძლიათ.
მომდევნო თვეში ორი დიდი მატჩი გვაქვს სათამაშო: პოლონეთის ნაკრებთან, რომელიც გვისწრებს და გერმანიასთან.
ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. ჩვენი მიზანი ფინალურ ტურნირზე მოხვედრაა და ჯერჯერობით არაფერი გვაქვს გარანტირებული”, – განაცხადა უოლტერსმა “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.