“უოტფორდის” მცველი: “ვერ ვიგებ, როგორ დავინფიცირდი კორონავირუსით”
ცოტა ხნის წინ ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “უოტფორდმა” გამოაცხადა, რომ მისი ერთი ფეხბურთელი და კიდევ ორი თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირებულნი არიან, თუმცა კლუბს მათი ვინაობა არ გაუმჟღავნებია. დღეს გუნდის მცველმა ედრიან მარიაპამ თქვა, რომ კორონავირუსზე დადებითი პასუხი მისმა ტესმა უჩვენა.
“სამშაბათს გავიგე, რომ კორონავირუსი მაქვს. უკვე თავი ამიფეთქდა იმაზე ფიქრით, თუ საიდან შემეყარა ვირუსი. ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ჩემმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. სახლი თითქმის არ დამიტოვებია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ვარჯიშს და ბავშვებთან ერთად რამდენჯერმე გასეირნებას. ძირითადად ბავშვებთან სწავლითა და ფორმის შენარჩუნებით ვიყავი დაკავებული”, – მარიაპას კომენტარი “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.
ედრიან მარიაპას კორონავირუსით დაინფიცირება ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როდესაც “უოტფორდის” კაპიტანი ტროი დინი გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებაზე COVID-19-ის საფრთხის გამო უარს აცხადებდა:
“ამ კვირაში უნდა დავბრუნდეთ, თუმცა მე არ ვაპირებ. შეხვედრაზე ერთი მარტივი კითხვა დავსვი: ფერადკანიანებისთვის, აზიელებისთვის და შერეული ეთნიკური ჯგუფებისთვის კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხე ოთხჯერ მაღალია, ხოლო დაავადების ხანგრძლივობა ორჯერ მეტხანს გრძელდება. არსებობს თუ არა რაიმე დამატებითი სკრინინგი მათთვის?
თმას ივლისის შუა რიცხვებამდე ვერ შევიჭრი. სამაგიეროდ, 19 კაცთან ერთად საჯარიმო მოედანზე საჰაერო ორთაბრძოლა დაშვებულია. ვერ ვიგებ, რამდენად მართებულია ეს. ვერავინ სცემს პასუხს ამ კითხვებს, ვინაიდან მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია.
მე ვთქვი, თუ საკმარისი ინფორმაცია არ გაქვთ, ჩემი თავი საფრთხის ქვეშ რატომ უნდა დავაყენო? ინფიცირებისთვის მხოლოდ ერთ ადამიანთან კონტაქტიც საკმარისია. არ მინდა, რომ ვირუსი სახლში მივიტანო. ჩემი შვილი ხუთი თვისაა და მას სუნთქვის გაძნელება აქვს.
არ მინდა, რომ მას უფრო მეტი საფრთხე შევუქმნა. შინ იმავე ჭუჭყიანი ტანისამოსით უნდა დავბრუნდე. თუ ჩემი ტანსაცმელი ჩემი შვილის ან მეუღლის სამოსთან ერთად მოხვდება, რისკი კიდევ უფრო გაიზრდება.
“მამა, ბებია და და ბაბუა დავკარგე… დავკარგე თითქმის ყველა, ვისზეც ვზრუნავდი. ამიტომ, ჩემთვის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე ფუნტი შარვლის უკანა ჯიბეში”.