უფრო დაძაბულ და საინტერესო, მეორე მატჩში კვლავ სტუმრებმა გაიმარჯვეს
მატჩის დასრულებამდე ორი წუთი რჩებოდა. საქართველოს ნაკრები 14:10-ს იგებდა. არბიტრმა მოედნის ცენტრთან ახლოს ქართველი მორაგბეები დააჯარიმა.
მან შეცვლაზე შესული თორნიკე ცერცვაძე სინბინში გაუშვა. ინგლისელებმა ბურთი საჯარიმოდან აუტში გადაიტანეს, დერეფანი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს, მის დაძვრას კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ, მაგრამ მერე მთელი გუნდი მოლში ჩადგა და ლელოში შეაღწია. მართალია, გარდასახვა ვერ გაიტანეს, მაგრამ გამარჯვება მინიმალური სხვაობით მაინც სტუმრებს დარჩათ – 15:14.
მზარდი საქართველოს ნაკრები ინგლისის საგრაფოებთან მეორე მატჩში სრულიად სახეცვლილი წარდგა.
ჩვენი გუნდი მეტოქეს ყოველი გოჯი მიწისთვის თავდაუზოგავად ებრძოდა და, როგორც უკვე ვთქვით, მატჩის მიწურულამდე იგებდა კიდეც. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ძირითადი შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა. მთლიანად შეიცვალა პირველი ხაზი. უფრო ზუსტად, ამჯერად ძირითად შემადგენლობაში ისინი დააყენა, ვინც პირველ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო.
მარქაფიდან ძირითადში გადაინაცვლა მეორეხაზელმა სანდრო ქოიავამ, მესამე ხაზში კი “ლელოს” ლიდერი გიორგი ჭყოიძე გამოჩნდა. ტრავმის გამო ვერ ითამაშეს საბა ნიკოლავამ და გიორგი ჯიმშელაძემ. მათი ადგილი უკანა ხაზში, შესაბამისად, ბექა წიკლაურმა და გიგა გაგოშვილმა დაიკავეს.
ანგარიში, ისევე, როგორც პირველ მატჩში, ქართველმა მორაგბეებმა გახსნეს. საკმაოდ ხანგრძლივი იერიში, რომელშიც ძირითადად მორკინალები მონაწილეობდნენ, შერკინების კვაჭმა დავით ხიდეშელმა ლელოთი დაასრულა. ფულბეკმა ბექა წიკლაურმა გარდასახვა ვერ გაიტანა – 5:0.
ეს ანგარიში უცვლელად 21-ე წუთამდე შენარჩუნდა. ინგლისელების ფაზა-ფაზა შეტევებს ჩვენი მორაგბეები საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან ამუხრუჭებდნენ. თუმცა ერთ-ერთი იერიშისას ინგლისელებმა ხაზი მაინც გაჭრეს და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანეს. ცხადია, არც გარდასახვა გასჭირვებიათ – 7:5.
ეს იყო მზარდი საქართველოს ერთადერთი სერიოზული შეცდომა დაცვაში მატჩის პირველ ნახევარში. სხვა სალელოვე მომენტი სტუმართა გუნდს არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ გაძლიერებულ დაცვასთან ერთად, შესანიშნავად ირჯებოდა დერეფანში ლაშა ლომიძე, თუმცა ხარვეზები ამ კომპონენტშიც იყო.
ერთი სიტყვით, პირველ ნახევარში ბურთის ფლობაში ჩვენს გუნდს უპირატესობა ჰქონდა. 32-ე წუთზე წიკლაურმა საჯარიმოთი მზარდი საქართველო წინ გაიყვანა და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოვიგეთ – 8:7.
შესვენების შემდეგ, 47-ე წუთზე ისევ წიკლაურმა იყოჩაღა – საჯარიმო ახლო მანძილიდან გაიტანა და ოთხი ქულით დავწინაურდით – 11:7.
მთავარი მოვლენები მატჩის დასკვნით ათ წუთში განვითარდა. 71-ე წუთზე ინგლისელებმა საჯარიმოთივე ისევ მინიმუმამდე შეამცირეს ჩამორჩენა, თუმცა ორ წუთში მზარდი საქართველოს გარემარბმა მურაზ გიორგაძემ 50-მეტრიანი ინდივიდუალური რეიდი განახორციელა, მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზამდე მიაღწია, სადაც ბოჭვისას ინგლისელებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს თამაშის წესი. წიკლაურმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა – 14:10.
მერე კი მოხდა ის, რაზეც დასაწყისშივე გიამბეთ. ჩვენს გუნდს ეს თამაში უნდა მოეგო, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე
ლევან მაისაშვილი, მზარდი საქართველოს მთავარი მწვრთნელი:
„პირველი მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ ბევრ რამეს შევცვლიდით. მიხარია, რომ ბიჭებმა გამიმართლეს. ერთი კვირის შეკრებილი გუნდი ვიყავით და ბევრი შეცდომა გვქონდა. შევძელით, ხარვეზები სამ დღეში მინიმუმამდე დაგვეყვანა. მოგებამდე ცოტა დაგვაკლდა.
„ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი 21 წელია. თავიანთი კარიერის დასაწყისში ასეთი დონის გუნდთან თამაში მათ არასდროს დაავიწყდებათ. მართალია, წავაგეთ, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა სრულიად განსხვავებული თამაში აჩვენა. ამ გუნდის არსებობის მთავარი მიზანი მორაგბეების გაზრდა, მათთვის გამოცდილების მიცემაა. ვფიქრობ, რომ სწორ გზას ვადგავართ.
„თბილისის თასზე შესაძლოა ამ გუნდიდან მინიმუმ სამი მორაგბე მოხვდეს. გააჩნია, ეროვნულ ნაკრებში რა პოზიციაზე სჭირდებათ მოთამაშეები”.
სანდრო ქოიავა, მზარდი საქართველოს მეორეხაზელი:
„უწინარესად, მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელებს, რომლებიც ჩვენთან თავდაუზოგავად მუშაობდნენ. ცხადია, ამ თამაშებით კმაყოფილი ვარ, რადგან უდიდესი გამოცდილება მივიღე. მეორე მატჩში ვიბრძოლეთ, ქართული ხასიათი გამოვავლინეთ, მაგრამ მაინც მოგვიგეს.“
ჯეიმზ შენაჰანი, საგრაფოების ნაკრების მწვრთნელი:
„წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად ბევრად უფრო დაძაბული ბრძოლა გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა დაცვაში. ხაზის გაჭრა ძალიან გვიჭირდა. ჩვენც საკმაოდ ხშირად მოგვიწია მათი იერიშების მოგერიება. ვფიქრობ, კარგი ტურნე გამოგვივიდა.
„თბილისი შესანიშნავი ქალაქია. ხალხი თბილი და სტუმართმოყვარეა. თქვენს გუნდთან თამაშიც
ძალიან სასარგებლოა. ვფიქრობ, ურთიერთობის გაგრძელება ძალიან კარგი იქნება”.
ბენ ჰილტონი, საგრაფოების ნაკრების კაპიტანი:
„ქართველებმა ძლიერი, აგრესიული დაცვა დაგვახვედრეს. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თამაშის ამ კომპონენტში ძალიან სწრაფად შეძლეს ხარვეზების აღმოფხვრა.
„საგულისხმოა, რომ 25-ქულიანი წაგების შემდეგ თითქმის მოგვიგეს. ეს ნიშნავს, რომ მწვრთნელებმა სწორად იმუშავეს და მოთამაშეებმაც მათი დავალება ზუსტად შეასრულეს”.
Rugby.GE