ურუგვაის ნაკრებმა რუსეთი იოლად დაამარცხა (ვიდეო)
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური გაიხსნა. A ჯგუფში ურუგვაის ნაკრები მასპინძელ რუსეთს დაუპირისპირდა, ხოლო საუდის არაბეთი ეგვიპტეს ეთამაშა. ამ ჯგუფში მერვედფინალურ ეტაპზე გამსვლელ გუნდთა ვინაობა უკვე გარკვეული იყო, თუმცა გასარკვევი ის რჩებოდა, თუ ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს.
ჯგუფის ლიდერთა შეხვედრაში სამხრეთამერიკელებმა იოლ გამარჯვებას მიაღწიეს. ურუგვაის ნაკრები მატჩის მე-10 წუთზე ლუის სუარესმა საჯარიმო დარტყმით დააწინაურა. 23-ე წუთზე ურუგვაელთა უპირატესობა გაიზარდა: დიეგო ლაქსალტის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი დენის ჩერიშევს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა, რუსთა კიპერმა იგორ აკინფეევმა კი ხეირიანი რეაგირება ვერ მოასწრო – 2:0. 36-ე წუთზე რუსეთის ნაკრების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. იგორ სმოლნიკოვმა ლაქსალტის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
მინდორზე ათი კაცით დარჩენილი რუსეთის ნაკრები მეორე ტაიმში სხვაობის შემცირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. მატჩის მიწურულს ედინსონ კავანიმ მასპინძელთა კარში მესამე ბურთიც გაიტანა და შეხვედრას დასკვნითი წერტილი დაუსვა. საბოლოო ჯამში, ურუგვაის ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. რუსეთი ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე მეორე პოზიციიდან გავიდა.
მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი (III ტური)
ურუგვაი — რუსეთი 3:0 (2:0)
გოლები: სუარესი 10′, ჩერიშევი 23′ (ა.გ.), კავანი 90′.
გაძევება: სმოლნიკოვი 36′.