უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და ათასობით უკმაყოფილო გულშემატკივარი
“მიხეილ მესხის” სტადიონზე საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” მატჩის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა.
მოგეხსენებათ, აღნიშნულ შეხვედრაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. გულშემატკივარს სტადიონზე შესასვლელად გარკვეული პროცედურების გავლა უწევდათ, რამაც საკმაოდ დიდი რიგები გამოიწვია. “ჩიხურამ” ქომაგები გააფრთხილა, რომ არენაზე ადრე მოსულიყვნენ, თუმცა სტადიონზე მოხვედრა მატჩამდე ერთი საათით ადრე მოსულ გულშემატკივრებსაც კი გაუჭირდათ.
მეტიც, მე და ჩემს რამდენიმე კოლეგას ლოჟაში კომპიუტერის შეტანის პრობელმაც შეგვექმნა, მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტაციები ყველას გვქონდა. სტადიონის დაცვის თანამშრომელბის თქმით, ჟურნალისტებს ლეპტოპის მოედანზე სროლა შეეძლოთ. საბედნიეროდ, აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და ჟურნალისტებს შედარებით ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება მიეცათ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მედიის წარწმოამდგენლებისთვის არენაზე საკმარისი რაოდენობის ადგილები არ იყო.
ამ დროს მთავარი მოვლენები სტადიონის შესასვლელთან ხდებოდა.ტრიბუნებზე მოხვედრას ათასობით გულშემატკივარი ცდილობდა, “მიხეილ მესხზე” კი ტრადიციულად შესასვლელი კარების მხოლოდ ნახევარი ფუნქციონირებდა… მოგვიანებით გულშემატკივრებმა სტადიონზე შესვლა მოახერხეს. ამ დროს კი, პოლიციამ არანაირი უსაფრთხოების ზომები არ დაიცვა და სტადიონზე ფაქტობრივად ყველა მსურველი, სპეციალური პროცედურების გავლის გარეშე მოხვდა.