უსმან დემბელე: “ჩემში გადახდილი თანხის გამო განსაკუთრებულ ზეწოლას არ ვგრძნობ”
კატალონიური “ბარსელონას” ფრანგმა ახალწვეულმა, უსმან დემბელემ, რომელზეც საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ, კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
“ჩემთვის დიდი პატივია ისეთი ფეხბურთელის გვერდით თამაში, როგორიც ლეო მესია. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. აქ იმისთვის მოვედი, რომ ვისწავლო. ბედნიერი ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში რომ მოვხვდი და მინდა ახალ გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.
ჩემში გადახდილი თანხის ოდენობა არანაირ ბარიერს არ წარმოადგენს, დამატებით ზეწოლას ვერ ვგრძნობ. ეს ჩემი ბრალი არაა, ბოლო დროს სატრანსფერო ფანჯარაზე სიგიჟეები ხდება. ამისთვის ყურადღების მიქცევას არ ვაპირებ.
ნეიმარი დიდებული მოთამაშეა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მაგრამ მე მასზე უფრო ახალგაზრდა ვარ, ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უფრო გავძლიერდე,” – აცხადებს უსმან დემბელე.