უცებ გაფიქრებული…
ბოლო დროს ტოტალური მოუცლელობის გამო ფეხბურთს იმ სიხშირით ვეღარ ვუყურებ როგორც თუნდაც ორი წლის ხოლმე. დღეს არსენალი-ლივერპულისთვის “მოვიცალე” და “რაიო-რეალი” რომ დაიწყო, იმის ყურება გავაგრძელე…
რონალდომ ანგარიში გახსნა, მერე მესამეც გაიტანა და ერთმა რამემ გამიელვა თავში:
მესი რომ “მესია” და მოვლენაა მსოფლიო ფეხბურთში ამაზე არ ვდავობ, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, ერთია, როცა 13 წლიდან მსოფლიოს საუკეთესო აკადემიაში იზრდები, საუკეთესო მწვრთნელები, ფსიქოლოგები და სხვა სპეციალისტები ფაქტობრივად ბავშვობიდან გამზადებენ იმისთვის, რომ “ბარსელონას” ლიდერი უნდა იყო და შემდეგ რონალდინიოსთან, ხავისთან და ინიესტასთან ერთად თამაშობ და მეორე, როცა 18 წლის ბიჭი მიდიხარ “მანჩესტერ იუნაიტედში”, იცვამ 7 ნომრიან მაისურს, რომელიც დევიდ ბექჰემმა სულ “ახლახანს გაიხადა” და იქამდე “მანჩესტერში” თუ ვინმეს რამე უთამაშია ყველას ის ეცვა, ხდები გუნდის ცალსახა ლიდერი, პრემიერლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, იგებ ყველაფერს, რაც შეიძლება მოიგო, თან “პირადად მოიგოო” რომ ამბობენ, ისე, მერე გადადიხარ მადრიდის “რეალში”, კლუბში, რომელშიც ინტრიგა უფრო მეტია, ვიდრე სხვა ყველაფერი ერთად და რომელშიც უამრავ დიდ ფეხბურთელს ვერ გამოუვლენია თავისი შესაძლებლობების ნახევარიც კი (ბექჰემი, ოუენი, რობენი, სნეიდერი, ეს უცებ რაც გამახსენდა), კლუბში, რომელიც თავად ლეგენდაა და ლეგენდებით ცხოვრობს და 200 მატჩში 200-ზე მეტი გოლი გაგაქვს, ზედიზედ ხსნი ცალკე “რეალის” და ცალკე “პრიმერას” რეკორდებს და თან წლიდან წლამდე უფრო და უფრო უმატებ, ზუსტად ამიტომ ვფიქრობ, რომ მას “აქვს უფლება” იყოს ამაყი, ფიქრობდეს რომ სხვებზე წინ დგას და ჰქონდეს პრეტენზია საუკეთესოობაზე, ის პორტუგალიაში დაბადებული პატარა ბიჭიდან მსოფლიო ფეხბურთის მონსტრად იქცა და ეს საკუთარი ნიჭით, შრომით და რაც მთავარია, ევროპის ორ სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის ჩემპიონატში მოახერხა.
არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს და მითუმეტეს, არც ის, როგორ შევლენ მესი და რონალდო წლების შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ვინ წინ და ვინ უკან, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ რონალდო ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელიც დღემდე დაბადებულა, “სრულყოფილი” ნიშნავს “სრულყოფილს”, “ყოველმხრივ განვითარებულს” და არა “ტექნიკურს”, “სწრაფს”, “ლიდერს”, “თავით კარგად მოთამაშეს”, “სტანდარტულების ოსტატს” და მსგავს ცნებებს ცალ-ცალკე, მასში ყველაფერი ერთადაა, თანაც ძალიან მაღალ დონეზე. როგორც მინიმუმ, “მსოფლიოს საუკეთესოზე კამათი საერთოდ არ უნდა იყოს იქ სადაც მესია” მოსაზრება, კარგადაა გადასახედი…