უცნაური ამბავი: ნაიკს სურს, რომ დე იონგს “ბარსელონაში” მაისურზე გვარის ნაცვლად სახელი ეწეროს
ფრენკი დე იონგის “აიაქსიდან” “ბარსელონაში” გადასვლა გასულ სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი იყო.
21 წლის ნახევარმცველის შესაძენად “ბარსელონასთან” ერთად “მანჩესტერ სიტი” და “პარი სენ-ჟერმენი” იბრძოდნენ, მაგრამ კატალონიელებმა ყველას აჯობეს და ფეხბურთელი 75 მილიონ ევროდ დაიმატეს. დე იონგი “ბარსელონას” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.
დე იონგმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, რა ნომრით ითამაშებს ის ახალ გუნდში, ამჟამად მისი საყვარელი ნომერი კარლეს ალენიას ეკუთვნის. ასევე, მან მაისურზე მისი გვარის დაწერასთან დაკავშირებული პრობლემაც გააჟღერა.
“ივლისში “ბარსელონასთან” ოფიციალურ კონტრაქტს მოვაწერ ხელს, რის შემდეგაც ჩემი პრეზენტაცია გაიმართება. ჩემს სპონსორს, ნაიკს კომერციული საკითხიდან გამომდინარე სურს, რომ მაისურზე “ფრენკი” (Frenkie) მეწეროს, მაგრამ მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მინდა. 21 ნომრით თამაში კარგი იქნებოდა, რადგან ეს ჩემი საყვარელი ნომერია, მაგრამ ჯერ მომდევნო სეზონის დეტალები უცნობია. უნდა დავიცადო”, – ციტირებს დე იონგის სიტყვებს “ასი”.