ვაისი: “ჩემთვის ეს საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში საუკეთესო შედეგია”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა დანიასთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერნცია გამართა.
დანიასთან მატჩზე: „ჩემთვის ეს საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში საუკეთესო შედეგია. ეს ფრე უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ესპანეთთან გამარჯვება. ანანიძე, ოქრიაშილი, აბურჯანია – ისინი ტრავმების შემდეგ დაგვიბრუნდნენ. ორი-სამი საგოლე მომენტი გვქონდა. დანია მსოფლიოს ათ საუკეთესო გუნდში შედის. ერიქსენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ. მადლობა ბიჭებს და გულშემატკივრებს, რომლებიც მეორე ტაიმში განსაკუთრებულად გვქომაგობდნენ.“
მსაჯებზე: „ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ. ვფიქრობ, მსაჯების საქმიანობის შეფასება ჩემი საქმე არ არის. რამდენიმე სადავო მომენტი იყო. ყვითელი ბარათი 20 წლის შემდეგ პირველად მივიღე, ეს უცნაური შეგრძნება იყო.“
აბურჯანია-კიტეიშვილის დუეტზე: „ნახევარდაცვაში ცვლილებები საჭირო იყო, რადგან კანკავას დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ხოლო კვეკვესკირი ტრავმირებულია. კიტეიშვილისა და აბურჯანიას თამაშით მოხარული ვარ. კიტეიშვილმა ამ პოზიციაზე მაღალი დონის თამაში აჩვენა. ის საოცარი იყო. ძალიან დიდი შავი სამუშაო შეასრულა. ვფიქრობ, მომავალ წელს მან ავსტრიის ჩემპიონატზე მაღალი დონის ჩემპიონატში უნდა ითამაშოს. თერთმეტი კიტეიშვილი რომ მყავდეს, სკამზე მშვიდად ვიჯდებოდი. იმედი მაქვს, აბურჯანია „ტვენტეში“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იქნება. ისიც კარგი ბიჭია.“
გრიგალავაზე: „მან ძალიან კარგად ითამაშა. ის რუსეთის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება. ბოლო რამდენიმე წელი მისთვისაც რთული იყო. გრიგალავა ძლიერი ფეხბურთელია და ძალიან გვეხმარება.“
დაგვიანებულ ცვლილებებზე: „ასეთი თამაშის დროს, როცა ყველაფერი კარგად მიდის, კარგი მწვრთნელები ცვლილებებს არ აკეთებენ.“
ვაკო გვილიაზე: „როცა მატჩის წინ ტაქტიკაზე ვსაუბრობდით, გვილიას ვუთხარი: „ბოდიში, დღეს შენ სკამზე იქნები.“ ის მაღალი დონის ფეხბურთელი და პროფესიონალია. მან მიპასუხა: „კარგი, მწვრთნელო. ეს შენი საქმეა.“ ის მეორე ტაიმში შემოვიდა. ეს ფეხბურთია, ტაქტიკა და დისციპლინა. შესაძლოა, მომდევნო ჯერზე სხვა მოთამაშე დარჩეს სათადარიგოთა სკამზე.“
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია