ვაისი: “დღეს გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს პოტენციალი გააჩნია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ლიტვასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. პირველი ტაიმის განმავლობაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ. ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო, რაც ძალიან სამწუხაროა. ვიმედოვნებ, ის ჩვენს დახმარებას მალე შეძლებს. დღეს ვნახეთ, რომ ნაკრებს პოტენციალი გააჩნია. კარგია, რომ დღეს მოვიგეთ, მაგრამ მომავლის შენებისას თანმიმდევრული უნდა ვიყოთ. ხვალიდან უკვე მომავალი შეხვედრისათვის ვიწყებთ მზადებას.
როცა ამდენ ცვლილებას აკეთებ, თამაშის სცენარიც იცვლება. ცხადია, მომდევნო მატჩისათვის კაჭარავას თამაშს მოვიაზრებთ. ჯანო დაიმტვრა, ჩაკვეტაძე კი მომდევნო მატჩში აღარ იქნება. კლუბთან შეთანხმება გვქონდა, რომ ის მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას.
ქართული ბუნებიდან გამომდინარე, როცა ანგარიში 4:0 იყო, ბიჭებმა პუბლიკაზე თამაში დაიწყეს. მეორე ნახევარში რაღაცებზე დავფიქრდი, მაგრამ ძალიან მკაცრებიც არ უნდა ვიყოთ. დავალება იყო, რომ კარი მშრალად შეგვენახა.”