ვაისი: “ძალიან სამწუხაროა, რომ ამისულაშვილი საქართველოს ნაკრებს ტოვებს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ალექსანდრე ამისულაშვილმა 34 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფაქტს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გამოეხმაურა.
“ამისულაშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ასევე ძალიან კარგი ადამიანია. მან ეს დაამტკიცა თავისი მრავალწლიანი კარიერის მანძილზე როგორც ნაკრებში, ისე კლუბში თამაშისას. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ის ტოვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ შემატყობინა და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია მისი გადაწყვეტილება. ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ამ ნახევარი წლის მანძილზე გვერდში მედგა. მისი აზრი, როგორც დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშის, ჩემთვის გასათვალისწინებელი იყო, განსაკუთრებით ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობისას. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ამისულაშვილს საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2002 წლის მარტში სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (4:1) ჰქონდა. მან ეროვნული ნაკრების რიგებში 50 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.