ვაისი:” ხვალ ნაკრების სახელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელები დაიცავენ”
საქართველოს ეროვნული ნაკრები 19 ნოემბერს უეფას ერთა ლიგის გათამაშების ბოლო მატჩს თბილისში გამართავს. ყაზახეთთან შეხვედრამდე ჩვენი ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ანდორაში თამაში დიდ გუნდებსაც უჭირს. მართალია, რომ ლორიამ დიდი შეცდომა დაუშვა, რისთვისაც დავისაჯეთ, თუმცა ეს ფეხბურთია. შეგვეძლო მეორე გოლის გატანაც, თუმცა შეტევაში არსებულმა ხარვეზებმა ამის საშუალება არ მოგვცა.
ვფიქრობ, ხვალ ძალიან საინტერესო მატჩი გველის, რომელშიც სამი ქულის მოპოვებას ვაპირებთ. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა წილისყრას უპირატესობით შევხვდეთ და ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც მჯერა, რომ სტადიონს გაავსებენ, ხარისხიანი თამაშით ვასიამოვნოთ.
ყაზახეთის ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების დაწყებამდე ფავორიტად სახელდებოდა, თუმცა საქართველომ თავის მიზანს მიაღწია და ახლა ჯგუფსაც ლიდერობს. ანდორასთანაც ვგეგმავდით გამარჯვებას, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ახლა კი გუნდის ყოველი წევრი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს
ხვალინდელ შეხვედრაში ცვლილებები ნამდვილად იქნება. ანდორასთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ყაზახეთთან თამაშს ვერ შეძლებს გიორგი ნავალოვსკი. ასევე საეჭვოა ბაჩანა არაბულის თამაშიც. რაც შეეხება მეკარის პოზიციას, ხვალ თავად ნახავთ, თუ ვინ დაიცავს ნაკრების კარს.
შეიძლება ითქვას, რომ მთელი გათამაშება თავდასხმის ხაზში დიდი დანაკლისის ფონზე, ვარსკვლავების გარეშე გვიწევს თამაში. ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არ არის, რადგანაც ისედაც ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს. ახლა დანაკლისზე ფიქრის და სინანულის დრო არ არის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხვალ ეროვნული ნაკრების სახელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელები დაიცავენ.
როდესაც ფეხბურთელებს ვაკრიტიკებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათგან მეტი მივიღო – მინდა, რომ კაჭარავამ უკეთ ითამაშოს, მინდა, რომ არაბულმა უკეთ გამოიყენოს მომენტები. ჟურნალისტების მოვალეობაც ეს არის, შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ,” – აცხადებს ვლადიმერ ვაისი.