ვაისი: “ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში შევა”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის რიგით მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ვაისის გუნდმა ესტონეთი სტუმრად, ნიკა კაჭარავას გოლის წყალობით, 0:1 დაამარცხა.
“მოხარულები ვართ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. მოხარული ვარ ფეხბურთელების თამაშით, რადგან ყველა მათგანს თავიანთ კლუბებში სათამაშო დრო არ ეძლევა. მეტოქე ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო. გოლამდე სამი-ოთხი კარგი მომენტი შევქმენით. პირველ მატჩში გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ და ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც გავიმარჯვებთ.
კვარაცხელია დიდი ტალანტია. ისტორიულად, საქართველოს ბევრი ტალანტი ჰყავდა. მომავალში ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ვიმეოდვნებ, ის ისეთივე კარგი ფეხბურთელი იქნება, როგორიც გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი და შოთა არველაძე იყვნენ. ხვიჩა საქართველოს ისტორიაში შევა.
ასევე, ძალიან მიხარია, რომ კაჭარავამ დიდხნიანი პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა. ის კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრს შრომობს”, – განაცხადა ვაისმა.