ვაისი: “ლუქსემბურგთან შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგთან მატჩამდე შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში გამართა.. ჟოზი ბარტელის სახელობის სტადიონზე ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. ეროვნულ ნაკრებს ტრავმის კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ოთარ კაკაბაძე ლუქსემბურგთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ფიფას წესების თანახმად, მალტასთან მიღებული წითელი ბარათის გამო, ვაკო გვილია მომდევნო ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. შესაბამისად, ლუქსემბურგთან შეხვედრისთვის ჩვენი ნაკრები 21 ფეხბურთელით ემზადება.
ბოლო ვარჯიშის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ლუქსემბურთან შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ლუქსემბურგთან შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთა ლიგის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი გვაქვს, ეს შანსია იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავის გამოჩენა სურთ და მალტასთან არ უთამაშიათ. შემადგენლობაში იქნება ცვლილებები. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ლუქსემბურგი კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც დაცვაში ხისტად თამაშობს. ასეთ ამხანაგურ შეხვედრებში პირველდ ნომრად თამაში უნდა ვისწავლოთ“.
ავსტრია-ლუქსემბურგში გამართულ საწვრთნელ შეკრებაზე ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.
„ჩემი აზრით ნაყოფიერი შეკრება იყო, მალტასთან გამარჯვებას მივაღწიეთ, რამაც დადებითი გავლება იქონია გუნდის ხასიათზე, ლუქსემბურგთანაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. შემდეგ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ერთა ლიგის გათამაშების სახით“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)
5 ივნისს, ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.