ვაისი: “შესვენებაზე გუნდს ვუთხარი, რომ კოულმენისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიგვექცია”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ირლანდიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“პირველ რიგში ვულოცავ ირლანდიას. ეს კარგი გუნდია, რომელსაც ჩინებული მწვრთნელები ჰყავს. თამაშს რაც შეეხება, როდესაც გოლის გატანას ვერ ახერხებ, რჩები ხელცარიელი, თუმცა, ჩვენ განსაკუთრებით პირველ ტაიმში ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, სამი საგოლე მომენტი შევქმენით და მოედნის შუაში კარგად გამოვიყურებოდით, სადაც გამოვყოფდი ვალერი გვილიას, რომლისთვისაც ეს სადებიუტო თამაში იყო. მე ვფიქრობ, რომ დროის განმავლობაში ეს გუნდი უფრო და უფრო მოუმატებს თამაშს. ხუთ თვეში შედეგის მიღწევა რთულია, თუმცა, ჩვენ ავსტრიასთანაც საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და დღესაც. ამის მიუხედავად, გვაქვს 0 ქულა, ამას კი მხოლოდ უიღბლობას ვერ დავაბრალებთ. მართალია, არ გაგვიმართლა, მაგრამ მე გუნდს შესვენებაზე ვუთხარი, რომ დაცვაში არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა და განსაკუთრებით კოულმენისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება. ის გადასარევი ფეხბურთელია, ერთი შანსი მიეცა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ეს ერთი შეცდომა მეტად ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ ახლა წინ უნდა ვიყუროთ. მე დღეს ბედნიერი ნამდვილად არ ვარ, თუმცა, ის, რომ ჩემმა გუნდმა ირლანდიაში კარგი თამაში აჩვენა, ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ საქართველოს ტექნიკურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ირლანდიას კი – ბრძოლისუნარიანი მოთამაშეები. ეს დღევანდელ თამაშშიც გამოჩნდა: ჩვენ ბურთს კარგად ვფლობდით, მაგრამ ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. 3-4 საგოლე შანსიდან ერთით მაინც უნდა გვესარგებლა. თქვენ, ჟურნალისტებს, ვრცლად შეგიძლიათ ამ თამაშზე დაწერა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენთვის ეს ცუდი შედეგი იყო,” – ციტირებს ვაისის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.